სამართალი
საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ანდრო მ. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
დაკავებულმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე თავისივე საცხოვრებელ კორპუსში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა გიორგი ბ, ხოლო ზურაბ ბ. ფეხის არეში დაჭრა.
დაკავებისას ბრალდებულმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ფეხში მსუბუქად დაიჭრა. ანდრო მ-ს და ზურაბ ბ-ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დანაშაულის ჩადენის იარაღი შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებად.