პოლიტიკური სიბეცე თუ პოლიტიკური უკულტურობა?
ამ ბოლო დროს ნინო ბურჯანაძე მუდმივად საუბრობს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსზე”. ახლახან ჩვენს შიმშილობაზე და ჩემზეც ისაუბრა.
მინდა ვუპასუხო ქალბატონ ნინოს: ქალბატონო ნინო, ჩვენ 16 დღე ვიშიმშილეთ. შიმშილობის აქცია არ შეწყვეტილა, ვიდრე მე და მანანა კობახიძემ ერთობლივი განცხადება არ გავაკეთეთ და ხელისუფლებამ ჩვენი მოთხოვნები არ გაიზიარა. შიმშილობა ე.წ. ჯაჭვური პრინციპით მიმდინარეობდა და აქ არც საკრიტიკოა რამე და არც დასაცინი. თქვენ არც შიმშილობის გამოცდილება გაქვთ და არც შიმშილობის სტრატეგიისა თუ ტაქტიკის სპეციალისტი ბრძანდებით. შიმშილობის მიზანი ადამიანების სიკვდილი კი არა, შედეგის მიღწევაა. ერთხელ მაინც რომ შეგეწუხებინათ თავი და იქ მობრძანებულიყავით, ამგვარ უტაქტობას არ გამოიჩენდით… მაგრამ იქ რას მოხვიდოდით?! მიშასთან რომ ბრძანდებოდით და თქვენს მისაღებში რომ შიმშილობდა ოპოზიცია, იმათთვის არ მიგიქცევიათ ყურადღება და ჩვენ გვესტუმრებოდით?! თქვენ იმასაც ვერ ხვდებით, რომ ამ ტიპის განცხადებებით, 103 მოშიმშილეს და ათიათასობით მათ მხარდამჭერს შეურაცხყოფას აყენებთ. ეს ან პოლიტიკური სიბეცეა, ან პოლიტიკური უკულტურობა… მაგრამ სინამდვილეში თქვენ სხვა მოტივი გამოძრავებთ და ამაზეც ვისაუბრებ ცოტა ხანში.
ახლა მეორე- მერამდენედ ამბობთ, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან ვიყავით, თურმე, გარიგებული და რომ თარხან- მოურავს ეს პირდაპირ ეთერში წამოსცდენია. ორჯერ გიპასუხეთ, მაგრამ ვერ მშვიდდებით. ახლა გეუბნებით: ნუ ცდილობთ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ნუ გვწამებთ ცილს. არაფერი მსგავსი თარხან- მოურავს არც უთქვამს და არც წამოსცდენია. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ თარხან- მოურავის სიტყვებს და ჩვენს ზოგად პოზიციას. პირველი, რომ ჩვენ შევიტანეთ გადამწყვეტი წვლილი თქვენი ყოფილი მეგობრის და თანამებრძოლის, მიხეილ სააკაშვილის დამხობაში და შესაბამისად, ახლანდელი ხელისუფლების მოსვლაში. ამ ხელისუფლებაში უამრავ ადამიანს ვიცნობთ და ბევრთან ვმეგობრობთ კიდეც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივად ვიყავით ამ ხელისუფლების მოკავშირეები. ეს არასდროს დაგვიმალავს და ამაში არც არაფერია დასამალი, ან სასირცხვილო. მეორეც- ამ ხელისუფლებას არავინ უწამებია. არავინ მოუკლავს და არც ქვეყანა გადაუქცევია ციხედ… ამიტომ ჩვენ არ გვძულს ეს ხელისუფლება. არვიცი, თქვენ შეიძლება გძულთ, მაგრამ ჩვენ- არა. ის, რომ ამ ხელისუფლებამ ვერ აღადგინა სამართალი, არ დასაჯა დამნაშავენი და უამრავი სხვა რამ არ… ან ვერ გააკეთა, არის პოლიტიკური კრიტიკის და არა ზიზღის საფუძველი. მესამეც- საგარეჯოს არჩევნებამდე ხელისუფლება ჩვენ თქვენზე მკაცრად გაგვიკრიტიკებია და შედეგისთვისაც მიგვიღწევია. ჩვენს კრიტიკასა და მიტინგებს შეეწირა ყოფილი მთავარი პროკურორი კბილაშვილი. უამრავი სხვა რამეც მოხდა, რაზეც ახლა საუბარი საჭირო არაა. მეოთხე- საგარეჯოს არჩევნები იყო პირველი შემთხვევა, სადაც ხელისუფლება არაპატიოსნად წარმოჩნდა. ცალსახად გააყალბა არჩევნები. ამ გაყალბების შესახებ გაიგო არა მხოლოდ საქართველომ, არამედ ბრიუსელმა, სტრასბურგმა და ვაშინგტონმაც. გუშინ დავასრულე ვიზიტი სტრასბურგსა და ბრიუსელში. არაფრის თქმა არ დამჭირვებია. აქეთ მიყვებოდნენ, როგორ გააყალბა არჩევნები თინიკო ხიდაშელმა. მეხუთე- მე საგარეჯოში ცალსახად ვიყავი უპირატესი კანდიდატი. რაში უნდა დამჭირვებოდა ვინმესთან გარიგება?! მეექვსე- თქვენ რომ გყოლოდათ კანდიდატი, არავითარ ბოიკოტს არ გამოაცხადებდით. ნუ ატყუებთ ხალხს. ბოიკოტი ისედაც არ შედგებოდა. საგარეჯოში, ჩემს გარდა, კიდევ სამი კანდიდატი მონაწილეობდა. მეშვიდე- ამ არჩევნებმა ქვეყანაში სრულიად მკვდარი პოლიტიკური პროცესი გააცოცხლა და, ერთის მხრივ, დაგვანახა, თუ რას შეიძლება ველოდეთ 2016 წელს, ხოლო, მეორეს მხრივ, საშუალება გვეძლევა დავგეგმოთ საპასუხო ქმედებები.
თქვენი განცხადებები მეტყველებს, რომ თქვენ ამას ან ვერ ხვდებით და მაშინ ეს პოლიტიკური სიბეცეა, ან არ გსურთ, რომ მიხვდეთ. ეს კი, პოლიტიკური უკულტურობაა. მე ვფიქრობ, არ გინდათ მიხვდეთ. შარზე ხართ. არც ჩვენი ხედვა გაინტერესებთ და არც ჩვენი აზრი. ცდილობთ, სიტყვებში გამოგვიჭიროთ და რაღაცაში ბრალი დაგვდოთ. სულერთია,- რაში. ოღონდაც ბრალი დაგვდოთ… და ამას იმიტომ აკეთებთ, რომ ჩვენდამი ხალხის გაზრდილი ნდობა დააკნინოთ. მოკლედ, პოლიტიკური კონკურენცია კი არ გამოძრავებთ, არამედ პოლიტიკური ეგოიზმი. ვერ ეგუებით აზრს, რომ ვიღაცამ შესაძლოა თქვენც გაჯობოთ.
ახლა განაცხადეთ, რომ ჩვენ, თურმე, ხელისუფლებას “ვათეთრებთ”. მინდა განგიმარტოთ, რომ ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ. არავის არ “ვათეთრებთ”. თუ ვინმესი გვჯერა, ვამბობთ, რომ გვჯერა… და თუ აღარ გვჯერა, ამასაც ღიად ვამბობთ. აი, თქვენ კი, წლების მანძილზე ზუსტადაც რომ “ათეთრებდით” მიხეილ სააკაშვილს. როდის და როგორ “ათეთრებდით”, ამაზე, თუ გნებავთ, სხვა დროს ვისაუბროთ.
P.S. და კიდევ ერთი: ჩვენ არასდროს გებრძოდით თქვენ. ესეც მორიგი ტყუილი და ცილისწამებაა. და ამასაც თქვენი უზნეო ქმედებების გამართლების მიზნით ამბობთ.
ახლა მიმდინარეობს ხელისუფლებასთან საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა. თუ ეს პროცესი დადებითად დასრულდა, ყველასათვის კარგი იქნება… მაგრამ თქვენ, ქალბატონო ნინო, გირჩევნიათ, რომ არაფერი გამოგვივიდეს, რადგან თქვენ საერთო სიკეთე კი არ გაწუხებთ, ახალი საბაბი გირჩევნიათ ჩვენზე თავდასასხმელად. უნდა გაგაწბილოთ. თუ ხელისუფლება მოგვატყუებს, ჩვენ 200 კაცი დავსხდებით საშიმშილოდ. თქვენ კი, ათ კაცსაც შეაგროვებთ. აი, ეს სიმართლე იცით და ამაზე ბრაზდებით… ამიტომაც იქცევით ასე უტაქტოდ. ის, რომ ხელისუფლებასთან სამუშაო პროცესი დაიწყო, ეს უდაოდ კარგია… ჩვენ არ ვხმარობთ სიტყვებს “წარმატება”, ან “გამარჯვება”. არ გვინდა არავის გაღიზიანება და კეთილ შედეგზე ვართ ორიენტირებული. თქვენ კი, ცდილობთ ყველაფერი დააკნინოთ და სიცარიელედ წარმოაჩინოთ. რატომ? იმიტომ, რომ დღეს თქვენ არა ხართ პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ კი, ვართ.
marshalpress.ge