სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ანალიტიკური სამსახურის მუშაობას გაეცნო

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ჯორჯიის შტატის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ანალიტიკურ განყოფილებას ეწვია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციისთვის მასპინძლებმა საგანგებო პრეზენტაცია გამართეს.

 „ჩვენ ვებრძვით ორგანიზებულ დანაშაულს, რაც თავის მხრივ, ხშირად ტერორიზმთან და სხვა მძიმე დანაშაულებებთანაა დაკავშირებული. ამიტომ, არსებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე გონივრულად განსაზღვრულ სტრატეგიასა და ანალიზს დანაშაულის გამოვლენის, გამოძიების, აღკვეთისა და პრევენციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“,- აღნიშნა ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა რობერტ ევანსმა.

 „ჩვენ ვაყალიბებთ უწყებას, რომელიც თავისი არსით ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას გულისხმობს. ამდენად, ანალიტიკური მიმართულება უწყების შესაძლებლობის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

 საქართველოს შს სამინისტროში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის კონცეფცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დამტკიცდა. იგი ქვეყანაში მართლწესრიგის განმტკიცებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ინფორმაციის მართვისა და ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას გულისხმობს.