საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრს (GPSTC) ესტუმრა და უწყების ხელმძღვანელ ქრის ვიგგინტონს შეხვდა.
ქრის ვიგგინტონმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ვიდეოპრეზენტაცია წარუდგინა,
„აღნიშნული ცენტრი სასწავლო-საწვრთნელი ბაზაა, სადაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის, პოლიციის ოფიცრები, „911“-ის ცხელი ხაზის ოპერატორები, საგანგებო სიტუაციების მართვის მუშაკები და მაშველები შესაბამის მომზადებასა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადიან. სასწავლო ცენტრი 1980 წელს დაარსდა და 4 საგანმანათლებლო დანაყოფს აერთიანებს, კერძოდ: პოლიციის აკადემიას, მაშველ-მეხანძრეთა აკადემიას, საბაზისო მომზადებისა და სასწავლო პროგრამების განყოფილებებს“,- აღნიშნა ქრის ვიგგინტონმა.
„ჩვენს უწყებასა და ჯორჯიის შტატის სამართალდამცავ ინსტიტუტებს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი ჩვენი თანამშრომლების გადამზადებაში დაგვეხმარა. სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, ჩვენი ქვეყნის პატივსაცემად, ქართული პოლიციის კუთხეა მოწყობილი. ეს დიდი მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატულებაა, რისთვისაც დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ბატონ ქრის ვიგგინტონსა და მის გუნდს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ძლიერების საფუძველი - რაც შეიძლება მეტი მაღალკვალიფიციური კადრია. ამიტომ, ჩემი მიზანია, საქართველოს პოლიციის აკადემიის რეფორმა და მისი გარდაქმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, რეგიონალური მასშტაბის სასწავლო ცენტრად“, - აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.