სამართალი
თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ფაქტზე ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მიეცნენ

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის  უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა,   ხოლო შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.

2012 წლის 28 ივლისს,  ქ. ზუგდიდში გიორგი სამუშიამ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ელბერდ კობერიძეს.

მეორე დღეს, 29 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, ზუგდიდან მოტაცებულ და ოთახში დამწყვდეულ ელბერდ კობერიძესთან შესახვედრად შეიკრიბნენ დავით ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა, რომლებმაც არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით, ელბერდ კობერიძეს დაუწყეს წამება: შეასხურეს მხუთავი აირი, გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და უმოწყალოდ სცემეს ფეხებითა და ხელკეტებით, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, თავზე აჭერდნენ ფეხს. წამებისას ელბერდ კობერიძემ დაკარგა გონება.

2012 წლის 6 აგვისტოს, ნაწამები ე. კობერიძე გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. გაწეული მკურნალობის შემდეგ გადაიყვანეს თბილისში, სადაც ის თითქოსდა 8 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“  უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავა პოლიციამ. 2012 წლის 8 ოქტომბერს,  ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ე. კობერიძემ დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.