საზოგადოება
„საქართველოს დაცვა აგრესორი რუსეთისგან – აშშ–ის ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებშია“

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკელმა კონგრესმენმა ტედ პომ კონგრესის სესიაზე საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიაზე ისაუბრა.

 ტედ პოს აზრით, ვარშავაში დაგეგმილ ნატოს მომდევნო სამიტზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანება პრიორიტეტული უნდა იყოს. კონგრესმენის აზრით, საქართველოს მხარდაჭერა ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის.

 „კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი კავშირები საქართველოსთან, არის რუსეთის მზარდი აგრესია რეგიონში. 2008 წელს მე ვიმყოფებოდი საქართველოში და ვნახე, თუ როგორ დაგორავდნენ რუსული ტანკები საქართველოში და როგორ განახორციელა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 25%-ის ოკუპაცია. ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, რომ პუტინის რადიკალური გეგმა მომავალში კიდევ გაგრძელდებოდა და ჩვენს მოკავშირეებს დაემუქრებოდა. სამწუხაროდ, მე მართალი აღმოვჩნდი. რუსეთის შეჭრა უკრაინაში კიდევ ერთი მაგალითია, რომ პუტინის სურვილი, დაიპყროს ქვეყნები, დაუკმაყოფილებელია. შეკავების საუკეთესო საშუალება, რაც ჩვენ შეგვიძლია საქართველოს შევთავაზოთ, არის სწორედ ის მექანიზმი, რომელიც წარსულში ევროპის ქვეყნების დასაცავად გამოვიყენეთ რუსეთის მხრიდან დაშინების წინააღმდეგ - ეს ნატოში გაწევრიანებაა. დროა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სრული მხარდაჭერა გამოხატოს, რათა დავარწმუნოთ ყველა, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს.

 მიუხედავად რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, საქართველომ არაერთხელ აჩვენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა. საქართველომ ყველაზე დიდი წვლილი გაიღო ავღანეთის მისიისთვის, ვიდრე სხვა რომელიმე ნატოს არაწევრმა ქვეყანამ.

 ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია, მხარი დავუჭიროთ ამ მოკავშირეს და ჩვენი ვალია, ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ხელს ვუწყობთ ჯანსაღ და ურთიერთმომგებიან პარტნიორობას“, – განაცხადა, კერძოდ, ამერიკელმა კონგრესმენმა.