პოლიტიკა
საქართველოში „ახალი აბრეშუმის გზით“ ჩინეთიდან პირველი მატარებელი ჩამოვიდა!

 საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. ისტორიული დღე - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი ტრანზიტული მატარებლის შემოსვლა თბილისში, რომელიც ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "აბრეშუმის გზის" ამოქმედებით, საქართველო იბრუნებს იმ ისტორიულ მისიას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში აკისრია.

 „დღეს ჩვენ ვიწყებთ რეალური წვლილის შეტანას საყოველთაო ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. საუკუნეების განმავლობაში "აბრეშუმის გზა" იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სახმელეთო მარშრუტი, რომელიც აკავშირებდა ევროპასა და აზიას. ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის იდეა ჩინეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ. მაშინ,გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გამოვედი ინიციატივით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროექტში და სწორედ ამ მიზნით, ოქტომბერში ჩვენ ჩავატარეთ თბილისის აბრეშუმისგზის ფორუმი, რომელზეც 32 ქვეყნის 1000-მდე სტუმარი ჩამოვიდა, 500 წარმომადგენელი იყო ჩამოსული ჩინეთიდან. ეს იყო წარმატებული დაწყება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნა ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება და გაიხსენა ვიზიტი ჩინეთში, რომლის დროსაც საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება გადაწყდა. მემორანდუმს, მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, ჩინეთში, რამდენიმე დღის წინ, ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"აქამდე ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის გადაზიდვა ძირითადად ხდებოდა ზღვით, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს – საშუალოდ 40 დღე. ხოლო "აბრეშუმის გზის" გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვა ხდება ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. მიხარია, რომ ჩვენს მატარებელს სიმბოლურად ამშვენებს საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთის და ევროკავშირის დროშები. ჩვენ შეგვიძლია უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში, 8-10 დღეში ტვირთი მივიღოთ საქართველოში და შემდეგ, 3-5 დღეში - ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. „აბრეშუმის გზა“ არის იაფი და ყველაზე მოკლე გზა - 5-ჯერ შემცირებული გზა ევროპასა და აზიას შორის. ჩვენი ქვეყანა ამ უმოკლესი მარშრუტის ნაწილს წარმოადგენს და ეს მარშრუტი ჩვენ გვაძლევს დამატებით შანსს, გავხდეთ მსოფლიო ეკონომიკური მოვლენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილე", -განაცხადა პრემიერმა.

„ტვირთები ჩინეთიდან სტამბულში სულ რაღაც ორ კვირაში ჩავა“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, "აბრეშუმის გზა" არის ერთ სარტყელში განლაგებული პარტნიორი ქვეყნების დამატებითი ბიძგი, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ პროექტი საქართველოში მეტ ინვესტიციას, მეტ სტაბილურობას, დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას მოიტანს.

მჯერა, "აბრეშუმის გზის" პროექტის საშუალებით, საქართველო გახდება მულტირეგიონული ცენტრი, რომელიც დააკავშირებს ევროპას, აღმოსავლეთ აზიას, ინდოეთს, ცენტრალურ აზიას და შუა აღმოსავლეთს. ეს არის ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკის გაგრძლება. სწორედ ასეთი გონივრული პოლიტიკით შეგვიძლია, ჩვენი ქვეყანა გახდეს ძალიან მიმზიდველი ინვესტიციებისთვის და რეგიონული ჰაბი", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ელჩებს, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ, "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელ მამუკა ბახტაძეს, მის გუნდს და ყველა რკინიგზელს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ამა წლის ნოემბერში ჩინეთმა, თურქეთმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის კონსორციუმის ორგანიზება მოახდინეს. მომავალი წლიდან რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.