სამართალი
შს მინისტრი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს. შს მინისტრი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ჩაკ როზენბერგს შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს შს სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფისთვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეული დახმარებისთვის.

ჩაკ როზენბერგმა დადებითად შეაფასა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოთქვა მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

გიორგი მღებრიშვილმა საერთაშორისო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზეც ისაუბრა. კერძოდ, პროაქტიული გამოძიების გაძლიერების მიზნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ნარკოტრანზიტების განყოფილებაზე, რომლის ანალიზის საფუძველზეც ნარკოტრანზიტის რამდენიმე მნიშვნელოვანი მარშრუტი იქნა გამოვლენილი.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა ჩაკ როზენბერგი მომავალ წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.