აქტუალური
შეხვედრა ნატოს უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენლებთან

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნატოს უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენელთა დელეგაციას უმასპინძლეს. საკომუნიკაციო და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელ ფრანკ მიჩევსკს და ნატოს უსაფრთხოების ოფისის სხვა თანამშრომლებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი არჩილ აბრამია და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე საქართველოში არსებული ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის ცენტრალური რეგისტრისა და ქვერეგისტრების ინსპექტირებაზე, გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესის მონიტორინგზე, ნატოს უსაფრთხოების პოლიტიკასა და შესაბამის დირექტივებზე ისაუბრეს.

ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის უსაფრთხოების სამსახურმა სტუმრებს სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინა და ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის კუთხით საქართველოში არსებული რეალობა გააცნო.

მასპინძლებმა ნატოელი პარტნიორებისგან ინფორმაციის სანდოდ დაცვისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით კონკრეტული რეკომენდაციები მიიღეს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უახლოეს მომავალში დაინერგება.