საზოგადოება
„ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სრული სიცრუე!“ – გოგაძე

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე სიცრუეს უწოდებს შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის განცხადებას, სადაც ელისაშვილი აცხადებდა, რომ მას და ყოფილ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს კონკრეტული პატიმრების შეწყალებით დაინტერესებული პოლიტიკოსების სახელები და გვარები მიაწოდა.

ალეკო ელისაშვილის განცხადება არის სრული სიცრუე. მე მას მართლაც შევხდი, თუმცა ეს ეხებოდა მისი სკოლის მასწავლებელს თუ დირექტორს, რომელიც ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში იყო დაზარალებული და პროკურატურისგან კუთვნილი თანხის დაბრუნებაში ითხოვდა დახმარებას. ამ შეხვედრას ესწრებოდა იმ რაიონის პროკურორიც, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ახორციელებდა ზედამხედველობას. ასევე ესწრებოდა ჩვენი სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. გუშინაც ვესაუბრე გიორგი ბადაშვილს. სხვა შეხვედრა ჩვენ მასთან არ გვქონია და შესაბამისად, მისი განცხადებები, რომ მოგვაწოდა რაიმე ინფორმაცია კონკრეტული სახელებისა და გვარების შესახებ, ან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც თავად საუბრობს, არის სიცრუე", - განაცხადა გოგაძემ.

ალეკო ელისაშვილის მტკიცებით, ქართული ოცნების" ზოგიერთი მაღალჩინოსანი კონკრეტული პატიმრების შეწყალებით არის დაინტერესებული, რის გამოც ისინი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე დაწყებულია გამოძიება.