საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ერთი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაცია თბილისის მერმა სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია“ წარუდგინა.
დავით ნარმანიამ 2015 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ პრიორიტეტებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მთავრობამ ბიუჯეტის დაგეგმვისას უპირატესობა თითოეული მოქალაქისათვის უმნიშვნელოვანეს თემებს - ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ეკოლოგიის დაცვას, სკოლამდელ განათლებასა და საზოგადოებისთვის სხვა საინტერესო საკითხებს მიანიჭა.
მისივე თქმით, დაფინანსების დიდი წილი ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაზე, ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე, აგრეთვე ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე გადანაწილდა.
ნარმანიას განმარტებით, ბიუჯეტის ოპტიმიზაცია სწორედ მოქალაქეთა ჩართულობით განხორციელდა და ამასთან, შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები.
“თბილისის მერია პროგრამულ ბიუჯეტზე ეტაპობრივად გადადის, რის შედეგადაც ბიუჯეტი უფრო დეტალურად და ღრმა ანალიზის საფუძველზე დაიგეგმება’’,- განაცხადა დედაქალაქის მერმა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.