პოლიტიკა
„25 წლის წინ ჩვენ ვაღიარეთ, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი“ – მარგველაშვილი

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის საკრებულოში, პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელით, საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და ყველა მოწვევის პარლამენტის წევრებს სიტყვით მიმართა.

ჩვენ შევძელით და 25 წლის წინ შევქმენით ჩვენი ქვეყნისთვის ბუნებრივი პოლიტიკური პროცესი, რომელშიც აღარ იყო ერთი ჭეშმარიტება, როდესაც ჩვენ აღარ გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ პარტიას ესმის ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გადაცემული ჰქონდა საზოგადოებას და საზოგადოების სხვადასხვა წევრები თვითონ აყალიბებდნენ თავიანთ პოზიციას, ვისთვის მიენდოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკური მმართველობის ბერკეტები.

25 წლის წინ ჩვენ ვაღიარეთ, რომ შეიძლება გვქონდეს განსხვავებული აზრი და ეს განსხვავებული აზრი იყოს პატივისცემის ღირსი. ვიკამათოთ ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, ვაღიაროთ ოპონენტი, ვაღიაროთ მისი უფლება ჰქონდეს სხვა შეხედულება და აზრთა ჭიდილში უკეთესი მივცეთ ქვეყანას.

მე მინდა თქვენ, ვისაც ხალხმა  საკუთარი ბედი მოგანდოთ და ვინც წლების განმავლობაში ემსახურეთ საზოგადოებას, მოგილოცოთ ეს დღე, ვაღიარო თქვენი ღვაწლი, ვაღიარო თქვენი აზრები, დავუშვათ რომ ჩვენ სხვადასხვა საკითხებში ვერ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ვისაუბროთ მომავალზე, რომელიც საქართველოში ისევ არ იქნება შავ-თეთრი, სადაც იქნება განსხვავებული შეხედულებები, სადაც იქნება ერთმანეთის აღიარება და უკეთესი ქვეყნის მშენებლობა.

დემოკრატიული არჩევნები ფუნდამენტია ჩვენი საზოგადოებისათვის. ამ დემოკრატიული არჩევნებით უნდა შევქმნათ ის ახალი ველი და სივრცე, რომელიც ჩვენს ქვეყანას წინ წაიყვანს“, - აღნიშნა, კერძოდ, გიორგი მარგველაშვილმა.