საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველო-ბულგარეთის წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და ქვეყნებს შორის არსებული კავშირები იყო საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები. ირაკლი ღარიბაშვილს ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოში უმასპინძლა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალს.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ნატოს არსებითი პაკეტის ცალკეული კომპონენტების განხორციელებაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიღწეულ პროგრესზე საუბარი გაგრძელდა გაფართოებულ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრებს შორის გაიმართა.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველო-ბულგარეთის მეგობრობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.