სამართალი
“ფუნდამენტური და ინსტიტუციური თემები ხშირად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ – მარგველაშვილი

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში სტუმრობისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა პატიმართა შეწყალების უფლების პატრიარქისთვის გადაცემის სურვილზე და პატრიარქთან შეხვედრისას განხილულ საკითხებზე ისაუბრა.

"მე არ დავიწყებ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებების კომენტირებას. როდესაც გადავწყვეტთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ფუნდამენტები ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ეს დასაფიქრებელია. ხშირად ხდება, რომ ფუნდამენტური და ინსტიტუციური თემები პოლიტიკურ დისკუსიაში უცებ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. უცბად ხდება იმის აღმოჩენა, რომ თურმე არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც არის უშიშროების საბჭო, თურმე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ხელისუფლების შტოებს შორის. ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტები. მათი ზედმიწევნით განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა არ შეექმნას ქართულ სახელმწიფოებრიობას საფრთხე. პრეზიდენტი არის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთად საკონსტიტუციო შეთანხმების ხელის მომწერი. საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი და სინოდი არიან ლეგიტიმურები, რომელთაც ერთად დაგეგმეს და მოაწერეს ხელი მაშინდელ პრეზიდენტთან ერთად საკონსტიტუციო შეთანხმებას. ეს ნიშნავს, რომ ყველა იერარქი ამ შეხედულებას იზიარებს და მე არ დავსვამ შეკითხვას, საქართველო არის სეკულარული თუ რელიგიური სახელმწიფო", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.