საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. პატრიარქის ინიციატივას, პატიმრებისა და მსჯავლდებულებისთვის შეწყალების უფლების მინიჭების შესახებ პატრიარქისთვის, რესპუბლიკური პარტიის ლიდერები დაუპირისპირდნენ. გთავაზობთ რესპუბლიკური პარტიის ლიდერების განცხადებებს:
დავით უსუფაშვილი:
“ერთია ცოდვის მიტევება, შენდობა, რომელიც, გასაგებია, თუ ვისი ექსკლუზიური უფლებაა. მეორეა სასჯელისგან გათავისუფლება და ამ თვალსაზრისით – შეწყალება. არ მახსენდება შემთხვევა, როცა სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმეს ჰქონდეს ეს მძიმე ტვირთი. შესაძლოა, აქ უფრო ჩართულობაზე იყოს საუბარი და არა რაიმე უფლების ვინმესთვის გადაცემაზე ან გაყოფაზე.
ლევან ბერძენიშვილი:
„შეიძლება ძალიან ჰუმანური და კეთილი სურვილი იყოს, რომელსაც ასრულება არ უწერია, ვინაიდან კონსტიტუციური თვალსაზრისით სახელმწიფო ამ უფლებას ვერავის გადასცემს. ეს არის პრეზიდენტის უფლება და მისი შეთავსება ვინმეს არ შეუძლია”.
დავით ბერძენიშვილი:
„არ ვეთანხმები პრემიერს, რომელმაც განაცხადა, რომ პარლამენტს და პრეზიდენტს მიმართავს ამ ინიციატივის განსახილველად. მესმის, რომ ის ერიდება პატრიარქს, მესმის პატრიარქის მოტივაციაც, მაგრამ არსებობს ელემენტარული წესები, სახელმწიფოს მეთაური არის ერთადერთი ადამიანი, ერთადერთი თანამდებობის პირი, რომელსაც აქვს შეწყალების უფლება“.