საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსთავი 2“-თან დავაში პარლამენტი დამარცხდა, - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.
"ვარ იმ ორგანოს თავმჯდომარე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პროცესებში დამარცხდა. როგორ შეიძლება ვიყო ამითი მოხარული და ბედნიერი, რომ დავმარცხდით. სასამართლომ გადაწყვიტა ასე და უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს. სასამართლოშიც ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები მუშაობენ და იმედი მაქვს, რომ მანამდეც, ახლაც და მომავალშიც ყურადღებით შეხედავენ და გადაწყვეტილებები უფრო დამაჯერებელი იქნება", - ამბობს დავით უსუფაშვილი.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
განცხადებით: „საქართველოს იუსტიციის მინისტრის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერისა და სხვა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, სამწუხაროდ, შეიცავს ფაქტობრივად მცდარ ინფორმაციას და პოლიტიკურად მოტივირებულ კრიტიკას.
საკუთარ განცხადებებში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიუთითეს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ და სამაუწყებლი კომპანია „რუსთავი 2-ის“ ყველა კონსტიტუციური სარჩელი ეწერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, რომლის გადაწყვეტილებებიც არის მიკერძოებული.
აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელებში შინაარსობრივად მსგავსი სამართლებრივი პრობლემებია დაყენებული და ასეთ შემთხვევებში მათი გადაწყვეტა ხდება ერთი კოლეგიის მიერ. აქვე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ არც ერთ კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება და განცხადება, რომ მათი გადაწყვეტის პროცესში საკონსტიტუციო სასამართლო მიკერძოებულია, შეიძლება აღქმული იქნეს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობად", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.