საზოგადოება
პატრიარქი და პრემიერ-მინისტრი მსჯავრდებულების მონაწილეობით დადგმულ სპექტაკლს დაესწრნენ

 საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად საკუთარი გულის ჯვარი გადასცა.

პატრიარქი და პრემიერი რუსთაველის თეატრში ერთად დაესწრენ სპექტაკლს - ჩემი მძევალი ანგელოზები“, რომელშიც მსჯავრდებული ქალები მონაწილეობდნენ.

სპექტაკლი, რომელშიც 7 მსჯავრდებული ქალი და ერთი ყოფილი მსჯავრდებული მონაწილეობს, რეჟისორმა მანანა კვირკველიამ, ქეთევან პატარაიას მიერ სპეციალურად მსჯავრდებულებისთვის შექმნილი პიესის მიხედვით დადგა. მათ პარტნიორობას უწევს მსახიობი გიორგი ზანგური.

ვიხილეთ არაჩვეულებრივი სპექტაკლი პატიმრების მონაწილეობით. ჩვენი მთავრობის სახე დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ეს არის ჩვენს მიერ დამკვიდრებული პრინციპების - სამართლიანობის, კანონიერებისა და ჰუმანურობის წარმოჩენა. ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულებაა ადამიანი - მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფება იგი, ციხეში, თუ ციხის გარეთ. მთავარია, ყოველი ხელისუფალი იყოს კონცენტრირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე და ვეღარავინ შეძლოს იმის გაბედვა, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში სამი წლის წინ. მთელმა მსოფლიომ ნახა, რა ხდებოდა პატიმრების წინააღმდეგ. ეს დრო ჩვენს ქვეყანაში არასოდეს დაბრუნდება“, - განაცხადა პრეიერ-მინისტრმა.

ეს დღე ისტორიულად შეაფასა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. უწმინდესმა მსჯავრდებულები დალოცა და საჩუქრები გადასცა.

პირველი შემთხვევაა, როდესაც პატიმრები გამოდიან თეატრში. ჩვენ დავინახეთ ტკივილი და მოქცევა ჩვენი ქართველი ადამიანებისა. ვფიქრობ, ეს ჩვენი ახალი მინისტრის დამსახურებაა. ჩვენ გვქონდა საუბარი ბატონ პრემიერ-მინისტრთან. პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ალბათ ხელისუფლება ამ საკითხს დააყენებს“, - ბრძანა პატრიარქმა.

წარმოდგენას სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულების 80-მდე მსჯავრდებული დაესწრო.