საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა. ენერგეტიკული ქარტიის წევრების მორიგი შეხვედრა წელს თბილისში ტარდება და მასზე რეგიონში ელექტროენერგიის ტრანზიტისა და ტრანს-სასაზღვრო ვაჭრობის საკითხები, ასევე სატრანზიტო ინფრასტრუქტურისა და ინვესტიციების თემები განიხილება.
„დღეს ყველაზე დიდი გამოწვევაა ენერგორესურსებზე მზარდი დამოკიდებულება, რამაცშეიძლება საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ, ყველა სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გზებისა და საშუალებების მოძიება. ენერგეტიკული უსაფრთხოების მაღალი ხარისხის მიღწევა კი შეუძლებელია რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების გარეშე”,-განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის მაგალითად ბაქო-თბილისი-სუფსის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ,,სამხრეთ კავკასიური გაზსადენის’’ პროექტები დაასახელა. ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისთვის ენერგეტიკული რესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია, სხვა პარტნიორ ქვეყნებთანერთად.
“ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ „აშხაბადის დეკლარაციას“, მივესალმებით ტრანსკასპიური მილსადენის მშენებლობას და ვმონაწილებთ ევროკავშირის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც ამ პროექტის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ასევე მიგვაჩნია, რომ რეგიონალური და ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი სატრანზიტო პროექტების განხორციელება, როგორიცაა „ევრო-აზიის ნავთობის სატრანსპორტო დერეფანი“ (EAOTC), გათხევადებული გაზის მიწოდების აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორი (AGRI LNG)და „თეთრი ნაკადი“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.