საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. კიევის ყოფილი მერი, საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ დამფუძნებელი ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელმაც პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა, მის პარტიაში გაწევრიანებისკენ ყველა მსურველს მოუწოდებს.
ჩერნოვეცკიმ აღნიშნა, რომ პარტია ევროპული ღირებულებების მომხრე იქნება და იგი რუსულ ინტერესებს არ გაიზიარებს. მან ასევე განაცხადა, რომ პარტიაში გასაწევრიანებლად უკრაინიდან არავის არ მოიწვევს და მათგან მხოლოდ ექსპერტულ დახმარებას მიიღებს.
როგორც კიევის ყოფილმა მერმა განაცხადა, მთელი ცხოვრების გატარებას საქართველოში აპირებს.
„არ შემიძლია იმის ყურება, როგორ იტანჯება ხალხი, ამიტომ მოვდივარ პოლიტიკაში. დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ არ გამოვდივარ, მაგრამ პარლამენტს გავაკრიტიკებ. მათი მუშაობა არ მომწონს. საქართველო გაჩერებულია. არის გარკვეული წარმატებები, მაგრამ პარლამენტი არ მუშაობს“, – განაცხადა ჩერნოვეცკიმ.
პარლამენტში შესვლისთანავე პენსიები უნდა გავზარდოთ 400-500 ლარამდე - ამის შესახებ ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ქობულეთში ახალი პოლიტიკური პარტიის წარდგენისას, ჟურნალისტებთან განაცხადა. ,,რა საჭიროა ამდენი სამინისტროს შენობა? გადასახადები უნდა გაიზარდოს მდიდრებისთვის ისე, როგორც ისრაელშია. ვისაც ძვირადღირებული მანქანები ჰყავს ფულიც უნდა გადაიხადონ“, - აცხადებს კიევის ყოფილი მერი.