"ეს ქართული ენის მიმართ აგდებული დამოკიდებულების გამოხატულება და, რაც მთავარია, მისი კონსტიტუციური სტატუსის შელახვაა. ჩვენ აღნიშნულ მაღაზიას როგორც წერილობით, ისე ვერბალურად არაერთხელ მივმართეთ, თუმცა ისინი ქართულენოვანი წარწერის გაკეთებაზე უარს აცხადებენ. შესაბამისად, ურთიერთობის ყველა ფორმა ამოწურულია და მხოლოდ სამართლებრივი გზა დარჩა. აღსანიშნავია, რომ "სვაროვსკი" ერთადერთი დაწესებულება არაა, რომელსაც მხოლოდ ინგლისურენოვანი აბრა აქვს, თუმცა მის მაგალითზე პრეცედენტის შექმნას ვაპირებთ",- განაცხადა ძიძიგურმა.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" წევრ კახა კუკავას განცხადებით კი, ის ქართულენოვანი აბრების საკითხთან დაკავშირებით მოსმენის დანიშვნის საკითხს დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოშიც დააყენებს.
"ეროვნული საბჭო" თბილისის საქალაქო სასამართლოში "სვაროვსკის" წინააღმდეგ სარჩელს დღეს შეიტანს.