აქტუალური
აჭარის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი თურქეთში

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ტრაპიზონის მერს ორჰან ფევზი გურმუქჩუოღლუს შეხვდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, მისი მოადგილე ნათია სირაბიძე და აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის უფროსი რუსლან ქორიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ბათუმსა და ტრაპიზონს შორის 15 წლიანი მეგობრობის საიუბილეო თარიღს. ტრაპიზონის მერმა ისაუბრა ამ ხნის განმავლობაში ერთობლივად განხორციელებულ პროექტებსა და ღონისძიებებზე. საუბარი შეეხო მეზობელი რეგიონების ტრანსსასაზღვრო ობიექტების განვითარებასა და მომავალ ერთობლივ პროექტებს, რომლებიც ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და კულტურის მიმართულებით უნდა განხორციელდეს.