საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. 2015 წლის 02 დეკემბერს, თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხნის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ბრალდებულების პირველი წარდგენის სხდომა. მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ამავე საქმეში წარმოდგენილი მეორე ბრალდებულის, შს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილის მიმართ წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 12 იანვარს ჩანიშნა.
როგორც ცნობილია, ზურაბ ადეიშვილს და ივანე მერაბიშვილს ბრალი წარედგინათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, 2004 წელს ჩადენილი სისტემური დანაშაულისთვის, მიმართული მოქალაქეებისათვის ქონების იძულებით ჩამოსართმევად, რის შედეგადაც დაზარალებულებს თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით ჩამოართვეს თელავში მდებარე აკურას ღვინის ქარხანა.
საქმეზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი აწარმოებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით.