სამართალი
თევზაძე ხელისუფლებისგან აჭარასთან დაკავშირებით თურქი მაღალჩინოსნების განცხადებაზე რეაგირებას ითხოვს

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი.  უფლებდამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის თქვენი უფლებებისათვის“ სპიკერი გიორგი თევზაძე ხელისუფლებისგან ითხოვს აჭარასთან დაკავშირებით  თურქეთის მაღალჩინოსნების განცხადებაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შესწავლას და მკაცრ რეაგირებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის პრემიერის დავუტ ოღლუს განცხადებით ბათუმი და ოსმალეთის იმპერიის სხვა ყოფილი ქალაქები ისევ დაუბრუნდება თურქეთს, ოღონდ მშვიდობიანი გზებით. დაუშვებელია რეაგირების გარეშე დარჩეს თურქეთის პრემიერთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების ერთსულოვანი პოზიციაა მოხდეს გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება მინიმუმ საქართველოში თურქეთის საელჩოს დონეზე და ოფიციალური თურქეთის პოზიციის დაზუსტება, რათა კონკრეტული პასუხი მოეთხოვოს არამეგობრულ განცხადებებს საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი წესით. ადვილად წარმოსადგენია რა რეაგირება მოყვებოდა ჩვენ რომ დაგვეყენებინა მშვიდობიანი გზებით ტერიტორიული პრეტენზია ტაო–კლარჯეთზე და ტრაპზონზე, რომელიც გაცილებით საფუძვლიანი იქნებოდა ვიდრე თურქეთის მაღალჩინოსნების სურვილები. ჩვენი საზოგადოების და ხელისუფლების ვალდებულებაა ყველაფერი გაკეთდეს გაუგებრობების ასაცილებლად და თურქეთთან, როგორც ჩვენს პარტნიორთან ურთიერთოების დარეგულირება, თუმცა ამავე დროს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა არ დატოვოს არც ერთი მსგავსი სახის განცხადებები შესწავლისა და დასაბუთების შემთხვევაში მკაცრიო რეაგირების გარეშე“, – აღნიშნულია  გიორგი თევზაძის განცხადებში.