აქტუალური
ნატოს 4 ახალი წევრი: ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მაკედონიას ჩერნოგორიის შემდეგ მიიღებენ? – საქინფორმი

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველომ ნატოში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

"დღეს დავამტკიცეთ, რომ ნატოს კარი ღიაა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებისადმი ძლიერია. საქართველოს აჩვენა დიდი პროგრესი, ეს მე თვითონ ვნახე, საქართველოში ჩემი ვიზიტისას. ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას და მხარდაჭერას კომუნიკეშიც დააფიქსირებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

"ნატო-გაფართოება ხელს უწყობს რეფორმებს, აძლიერებს კოლექტიურ უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს სტაბილურობას, რომელიც კეთილდღეობის საფუძველია. ჩვენ ვატარებთ გაფართოების პოლიტიკას ისეთნაირად, რომ სუვერენულმა სახელმწიფოებმა შეძლონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკუთარი მექანიზმების შექმნა. საქართველოს, ბოსნია- ჰერცოგოვინასა და მაკედონიაში განხორციელებულ რეფორმებს შედეგი მოაქვს და ალიანსი მათ მხარდაჭერას განაგრძობს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ერთი დღით ადრე კი, 2015 წლის 1 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვარშავის სამიტმა 2016 წელს, საქართველო ნატოსკენ სვლის კურსს გააგრძელებს. „ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს წევრობა არის საქართველოს საბოლოო მიზანი და ამ მიმართულებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დაველოდოთ იმ დროს, როცა ეს შესაძლებელი გახდება. ნატო უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ საქართველოს გაწევრიანებაზე მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, საქართველო კი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რათა შეიძინოს ის ინსტრუმენტები, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს გაწევრიანებას ალიანსში. ვფიქრობ, რომ უკვე გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი სახეზე, ამას ხაზს უსვამენ ჩვენი პარტნიორები და ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას", – განუცხადა გ. კვირიკაშვილმა  ჟურნალისტებს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნატოსკენ მიმავალ გზაზე პროგრესის დემონსტრირებას ახდენე, სტოლტენბერგს უკრაინა არ დაუსახელებია. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ნატოში უკრაინის გაწევრების საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალში გამართულ რეფერენდუმზე უკრაინის მოქალაქეები მიიღებენ.