სამართალი
საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უსაფრთხოების ატაშეებთან გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე აღინიშნა ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას დღეს საერთაშორისო საზოგადოება და ხაზი გაესვა ტერორიზმთან ბრძოლისა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და ინფორმაციული მიმოცვლის მექანიზმების დახვეწის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარტნიორი ქვეყნების: აშშ-ის (გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერი), ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბელგიის, ბულგარეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის,  თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სომხეთის, უკრაინისა და უნგრეთის საელჩოების წარმომადგენლები, უსაფრთხოებისა და  პოლიციის ატაშეები.