"ასავალ-დასავალი" სკანდალური მასალის წყაროდ ბადრი ბიწაძეს ასახელებს
დღეს, 2010 წლის 20 დეკემბერს, გაზეთი "ასავალ-დასავალი“ (№51) პუბლიკაციაში სახელწოდებით "ასავალ-დასავალის" ინფორმატორი კულისებიდან გამოდის", ერთი კვირის წინ გავრცელებული სკანდალური მასალების ინფორმაციის წყაროდ ნინო ბურჯანაძის მეუღლე, სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძეა დასახელებული. გაზეთთან ინტერვიუში ბიწაძე ამბობს: "სააკაშვილმა მითხრა, ახლა ჩემთან მოდის "გრეჩიხა". შენ ახლა შედი ოთახში, დაჯექი და, რასაც "გრეჩიხა" დამელაპარაკება, ყველაფერს მოისმენ. ეს ხდება შავნაბადაზე, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ“.
ისევ ბიწაძის ციტატა: "გრეჩიხა'' უმტკიცებს სააკაშვილს, რომ შეუძლია გადმოაყუდოს. სააკაშვილი ეუბნება: რა გინდა, რა გაგიკეთო? "გრეჩიხა" ამ დროს ხმას არ იღებს და, როგორც მერე ვნახე, ფურცელზე უწერდა თავის პირობებს. ”გრეჩიხა” რომ წავიდა, მან ფურცელი გამომიწოდა და აჰა, წაიკითხე, რა მომთხოვაო". ბადრი ბიწაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის დღესაც იხსენებს: "სააკაშვილის ინაუგურაცია რომ მიდის, "გრეჩიხა" არის იპოდრომზე. ამდენი ხალხია შეკრებილი და "გრეჩიხა" ურეკავს სააკაშვილს, რომ დროზე მორჩეს ინაუგურაციას, თორემ ხალხს ვერ აჩერებს. ბოლოს "გრეჩიხა" ურეკავს ბურჯანაძეს, ბოლო-ბოლო რა ხდება, ძალიან გაიწელა ინაუგურაციაო, მე ჩემს პირობას ვასრულებ, მაგრამ ეს ხალხი რომ დაიძრას, მე რა ვქნაო. ნინომ უთხრა "გრეჩიხას", შენ ჩემთან არანაირი პირობა არ დაგიდვია და ვისთანაც დადე, იმასთან შეასრულეო". გაზეთ "ასავალ-დასავალში" 13 დეკემბერს გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ ხელთ აქვს ფურცელი, სადაც ლევან გაჩეჩილაძემ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ჩამოუწერა მოთხოვნები. კერძოდ, "დროებით, 6 თვით მისი ან დავით უსუფაშვილის პრემიერად დანიშვნა, ხუთი მილიონი პირადი მოხმარებისთვის, ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის შესაქმნელად საწყისი კაპიტალი 10-12 მილიონი და, გარდა ამისა, ლევან გაჩეჩილაძეს მიხეილ სააკაშვილისთვის მოუთხოვია თინა ხიდაშელის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ ხიდაშელი არის გიგა ბოკერია კაბაში და ის ტყუილად ჰგონიათ ფრთიანი ანგელოზი..''. სააკაშვილმა, როგორც "ასავალ-დასავალშია" მითითებული, გაჩეჩილაძეს ავანსად ორი მილიონი გადაურიცხა და დანარჩენზე უარი უთხრა. გაჩეჩილაძის მიერ ბრძოლის გაგრძელების მოტივად სტატიის ავტორი პრეზიდენტის მიერ მის "გადაგდებას" ასახელებს. გაზეთის ცნობით, ვაჭრობის საგანი ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია მშვიდად უნდა ჩატარებულიყო.