აქტუალური
„უხარისხო ქართველმა“ წულუკიანმა ალასანიას უპასუხა

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანიას განცხადებას.

რაც შეეხება ირაკლი ალასანიას განცხადებას, ძალიან ვწუხვარ, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე მას, როგორც პარტიის წევრი, სისულელეში გვერდით არ დავუდექი (არ გადადგა თავდაცვის მინისტრი ალასანიასა და საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძის – ალასანიას მეუღლის ღვიძლი დის კვალდაკვალ – რედ.), მან მიმაკუთვნა ქართველების იმ ჯგუფს, რომლებსაც ის უხარისხო ქართველებს ეძახის. ეს მისთვისაც ალბათ სამწუხარო უნდა იყოს, თუ კარგად დაფიქრდება. ჩვენ კი, ქართული საზოგადოება არ ვიყოფით ხარისხიანებად და უხარისხოებად. ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის პროგრესისთვის, ვატარებთ ძალიან რთულ და მტკივნეულ რეფორმებს საზოგადოებასთან ერთად”, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ თეა წულუკიანი სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა. ალასანია მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცების საკითხზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური დაკვეთის შესრულების სანაცვლოდ დააწინაურეს.