საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოში აკრედიტებული, პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა. შს მინისტრმა ატაშეებს ეფექტური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი მღებრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60%-ზე მეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შედიოდა, რასაც სამინისტრომ წარმატებით გაართვა თავი და ექსპერტებისგან პოზიტიური შეფასებაც მიიღო.
კონფერენციაზე მონაწილეებმა იმ საფრთხეებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომელთა წინაშეც დგას დღეს საერთაშორისო საზოგადოება.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ქვეყნების: აშშ-ს (გამოძიების ფედერალური ბიუროსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს, რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერი), ავსტრიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბელგიის, თურქეთის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სომხეთისა და უკრაინის პოლიციისა და უსაფრთხოების ატაშეებმა. ღონისძიებაში აგრეთვე მონაწილეობდა ევროპის პოლიციის ოფისის (ევროპოლი) წარმომადგენელი.