საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაქირავებულის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
მიმდინარე გამოძიების პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ იდეოლოგიას.
2015 წლის 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თერთმეტი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინება გაიცა. 2015 წლის 29 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ყველა მითითებულ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა.
ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ-მოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს თანამშრომლებმა ოთხი პირი: ჯამბულ ა, მირიან ბ, გია ბ. და ლაშა გ. დააკავეს.