საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლა საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრით დაიწყო და საფრანგეთის პრეზიდენტს და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პარიზის ტრაგიკულმა მოვლენებმა მთელ მსოფლიოზე და საქართველოზე უდიდესი გავლენა მოახდინა.
„ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ასეთ მძიმე ვითარებაში თქვენი ხალხის უპრეცედენტო თავშეკავებამ, სიმტკიცემ და სიმხნევემ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მე წილად მხვდა პატივი, ვყოფილიყავი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი. პარიზს ყოველთვის მივიჩნევდი მეორე სახლად. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდებული ქალაქი და ქვეყანა გაუძლებენ ბოროტი ძალების თავდასხმებს, რომელთა მიზანიცაა გაანადგურონ ყოველივე ის, რის აშენებასაც ჩვენ, ამ დარბაზში შეკრებილნი, ვცდილობთ. გარწმუნებთ, ამ ძნელბედობის ჟამს მე და ქართველი ხალხი თქვენ გვერდით ვდგავართ და მზად ვართ ნებისმიერი სახის დახმარებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ტერორიზმი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ არსებობს გამოწვევები, რომლებსაც ვერც ერთი ქვეყანა მარტო ვერ გაუმკლავდება, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობის, თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს.
საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს, როდესაც ტერორისტები ცდილობენ საზოგადოების დაყოფას არა მხოლოდ პარიზში, არამედ ლიბანში, მალიში, ეგვიპტეში, ნიგერიაში, თურქეთში, ტუნისსა და მსოფლიოს სხვა წერტილებშიც, მნიშვნელოვანია ერთად დგომა იმ პროგრესის დასაცავად, რომელსაც მსოფლიომ ბევრ სფეროში მიაღწია.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, სერიოზული გამოწვევების ფონზე, მხედველობაშია მისაღები გრძელვადიანი მიზნები. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ მხარეები კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებით და ამბიციურ შეთანხმებას მიაღწევენ, ვინაიდან, უმოქმედობის შემთხვევაში, კლიმატური ცვლილებები მთელ მსოფლიოში გამოიწვევს ტოტალურ და არაპროგნოზირებად შედეგებს, რითაც საფრთხე დაემუქრება მილიონობით ადამიანის ცხოვრებას.
„სწორედ დღეს არის მოქმედების დრო. არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული კლიმატური ცვლილებებისგან. საქართველოს რთული მთიანი ტოპოგრაფიის გამო ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით ხშირია სტიქიური მოვლენები - წყალდიდობა, მეწყერი და ღვარცოფი. გავიხსენებ ივნისში ჩვენს დედაქალაქში მომხდარ წყალმოვარდნას, რომელმაც 19 კაცის სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა თბილისის ცენტრი. გარდა ამისა, ზღვის დონის აწევამ გამოიწვია ქარიშხლებისა და სანაპიროს ეროზიის ინტენსიფიკაცია, რამაც შედეგად მოიტანა სანაპიროებისა და ინფრასტრუქტურის განადგურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებულ ვითარებაში, საქართველოს მთავრობა მზად არის, გააათმაგოს ძალისხმევა გარემოს დასაცავად.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში ნამდვილი ლიდერია, განსაკუთრებით, დიდი ოდენობით განახლებადი ენერგიის გამოყენებისა და ექსპორტის გათვალისწინებით.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა კლიმატური ცვლილებების შემცირებისკენ მიმართული მოქმედების გააქტიურებისადმი და აღნიშნა, რომ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილი კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული“ დოკუმენტი ითვალისწინებს გამონაბოლქვის 15-25-პროცენტით შემცირებას 2030 წლისთვის. პრემიერის თქმით, 2021-2030 წლების კლიმატთან დაკავშირებულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მომავალ წელს შემუშავდება, განსაზღვრული იქნება, როგორ უნდა მიაღწიოს ამ მიზანს საქართველომ და რა სახის საერთაშორისო მხარდაჭერა დასჭირდება ამ პროცესში.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ეროვნულ საკანონმდებლო დოკუმენტებზე, რომლებშიც ინტეგრირებულია კლიმატური ცვლილებების საკითხები:
· ეროვნულ სატყეო სტრატეგიაში მხარდაჭერილია მეტყევეობის მდგრადი მართვა და ტყეების აღდგენა;
· სოფლის მეურნეობის ახალ ეროვნულ სტრატეგიაში შესულია თავი „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ“;
· საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ამჟამად მუშაობს ენერგოეფექტიანობის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე;
პრემიერის შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო, უზარმაზარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის წყალობით,ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად განახლებადი ენერგორესურსების 80 პროცენტს იყენებს.
„საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში ჰიდროელექტროენერგიის პოტენციალისა და მტკნარი წყლის მარაგის მოცულობის კუთხით. ამ ბუნებრივ რესურსებს სარგებელი მხოლოდ საქართველოსთვის არ მოაქვს, რადგანაც ჩვენ ვცდილობთ ამ განახლებადი ენერგიის წყაროს გაზიარებას მთელი რეგიონისთვის.
ჩვენ უკვე ვახორციელებთ ჰიდროენერგეტიკული პროექტების შედეგად მიღებული ელექტროენერგიის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში და ვახორციელებთ გეგმებს ამ ექსპორტის გაზრდისა და რეგიონალური ელექტროენერგიის სისტემის გაზრდის მიზნით, რათა ელექტროენერგიის დისტრიბუცია უფრო ეფექტიანი/ეკონომიური გახდეს“, - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ გარდა ამისა, განიხილება რამდენიმე პროექტი მტკნარი წყლის დიდი მარაგის ტრანსპორტირებისთვის იმ ქვეყნებში, სადაც მისი ნაკლებობაა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განახლებადი ენერგორესურსების განვითარებას ენერგეტიკაში და ამ მიზნით ახალი სტრატეგიაც შეიმუშავა.
პრემიერის თქმით, ეს ინიციატივები ევროკავშირთან ასოცირების კონტექსტში კიდევ უფრო გაძლიერდება. პრემიერ-მინისტრმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ის როლი, რომლის შესრულებაც ქალაქებს კლიმატური ცვლილებების ეფექტიანი შემცირების კუთხით შეუძლიათ.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, კონფერენციაზე მიღწეული იქნება ახალი საერთაშორისო შეთანხმება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც იქნება საკმარისად ამბიციური, იმისთვის, რომ უზრუნველყოს გლობალური დათბობის 2-გრადუსიანი მაქსიმალური მაჩვენებლის ქვევით შენარჩუნება.
„ამ შეთანხმების მიღწევას უდიდესი მნიშვნელობა ექნება. უთანხმოება წარუმატებლობის ტოლფასი იქნება. გარწმუნებთ, საქართველო, როგორც ნამდვილი ლიდერი, გააგრძელებს შესაბამის საქმიანობას და მდგრად მომავალზე ზრუნვის საქმეში იქნება თქვენი სანდო და ამბიციური პარტნიორი, რომელიც იცავს ჩვენს საერთო კლიმატსა და გარემოს“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს.