საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ჯუმბერ კირვალიძე: „მიუხედავად იმისა, რომ ორიოდე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ყაზახეთის პრეზიდენტს ნაზარბაევს დაურეკა და თხოვა, რომ მას ეშუამდგომლა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე, პარიზში გამართული "მსოფლიო კლიმატური ცვლილებების" სამიტის ჩატარების დროს, რუსეთის მმართველებმა უარი განაცხადეს ყოველგვარ კონტაქტზე თურქეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, რაც მოსალოდნელიც იყო. საქმე ის გახლავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების სანაცვლოდ მხოლოდ ეკონომიკური სანქციებით შემოიფარგლება თურქეთთან მიმართებაში, მაშინ, რუსეთის, როგორც სამხედრო თვალსაზრისით ზესახელმწიფოს პრესტიჟი ძალზედ შეიბღალება, რასაც რუსეთი არ და ვერ დაუშვებს! ამიტომ, უახლოეს მომავალში რუსეთისგან მოსალოდნელია ადეკვატური ქმედება, ანუ რუსები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ რომელიმე თურქულ სამხედრო თვითმფრინავს თავისი ეკიპაჟით "იგივე ბედი ეწიოს", რაც განიცადა რუსელმა ამ 1 კვირის წინ! ეს შეიძლება მოხდეს თურქეთ–სირიის საჰაერო საზღვარზე, ანდაც, სადმე ხმელთაშუა ზღვის საჰაერო სივრცეებში. ბრიუსელში, გუშინ გამართულ ევროკავშირი–თურქეთის ოფიციალურ სამიტზე, საყურადღებო გამოსვლა ჰქონდა საბერძნეთის პრემიერ–მინისტრს ალექსის ციპრასს, რომელმაც განაცხადა:"მილიარდობით ევრო იხარჯება შეიარაღების თანამედროვე სისტემებზე (იგულისხმება, ნატო–ს მიერ. საბერძნეთიც და თურქეთიც ნატო–ს წევრები არიან, თუმცა თურქეთი მუდამ არღვევს საბერძნეთის საჰაერო და საზღვაო საზღვარს!), და თქვენ (თურქები) ამას იყენებთ იმისათვის, რომ დაარღვიოთ ჩვენი საზღვარი, ჩვენ (ბერძნები) კი, ამას ვიყენებთ იმისათვის, რომ როგორმე შეგაჩეროთ თქვენ! საბედნიეროდ, ჩვენი პილოტები ისეთი ნერვიულები არ არიან, როგორიც თქვენი, – რუსების წინააღმდეგ"! – აი, ასეთი ძალიან ნიშანდობლივი და მამხილებელი სიტყვა წარმოსთქვა ციპრასმა, თითქოს ამით მიანიშნა თურქებს, რომ – რუსები, თქვენ ბერძნები ხომ არ გგონიათ, არ შეგარჩენენ მაგ თავხედობას, რასაც ჩვენ ვითმენთო! – ვფიქრობ, რომ ციპრასი არ ცდება და ასეც იქნება, უბრალოდ, რუსები საამისოდ შესაბამის დროს შეარჩევენ!“.