პუბლიკაციები
საქართველო-2011: რეალიები და პერსპექტივები

GERBIქართული პოლიტიკური სპექტრი

პოლიტიკური პარტიები საქართველოში არ წარმოადგენს სტაბილური პოლიტიკური სისტემის ნაწილს, როგორც, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქართული პარტიები, ძირითადად, იქმნებოდა და ახლაც იქმნება შემთხვევით, სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც წესი, ცალკეული ადამიანის ან ადამიანთა მცირე ჯგუფის ირგვლივ.

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში, „პერესტროიკის“ დროს, საქართველოში დაიწყო ე.წ. არაფორმალური გაერთიანებების ჩამოყალიბება, რომელთა ნაწილი შემდეგ პარტიებად გადაიქცა. იმ დროიდან მხოლოდ ორიოდე ორგანიზაცია შემორჩა - მაგალითად, რესპუბლიკური პარტია და ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, თუმცა არც ერთი მათგანი დღეს არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს ქართულ პოლიტიკაში. ისევე, როგორც სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, საქართველოშიც, პარტიები ორ ტიპად იყოფიან: სახელისუფლო პარტია და ყველა დანარჩენი.

პირველად სახელისუფლო ტიპის პარტია დამოუკიდებელ საქართველოში გაჩნდა 90-იანი წლების პირველ ნახევარში, ბლოკ „მშვიდობის“ სახით, რომელიც შემდეგ „მოქალაქეთა კავშირად“ გარდაიქმნა. თავის მხრივ, მოქალაქეთა კავშირიდან გამოსულმა ადამიანებმა დააფუძნეს „გაერთიანებული დემოკრატები“, რომელსაც სათავეში ზურაბ ჟვანია ჩაუდგა, ხოლო მოქკავშირის კიდევ ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილმა შექმნა „ნაციონალური მოძრაობა“. შემდგომში „გაერთიანებული დემოკრატები“ ''ნაც. მოძრაობას'' შეუერთდნენ, ისევე, როგორც მოქკავშირის ნარჩენები, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს პოსტსაბჭოთა ტიპის სახელისუფლო პარტიას, მიუხედავად მისი პროდასავლური ლოზუნგებისა. რა იგულისხმება სახელისუფლო პარტიაში? ის, რომ სახელისუფლო პარტია არის სახელმწიფოს ან მისი მმართველი ჯგუფის დანამატი და დავალებების შემსრულებელი. მას არ გააჩნია დამოუკიდებელი მნიშვნელობა და პოლიტიკური შეხედულებები. ის არ არის დისკუსიების ადგილი. არჩევნების დროს სახელისუფლო პარტია იყენებს ე.წ. ადმინისტრაციულ რესურსს იმდენად, რამდენადაც სჭირდება სასურველი შედეგის მისაღწევად (ადმინისტრაციული რესურსი არის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ თავიანთი უფლებამოსილებებისა და გავლენის გამოყენება არჩევნების დროს). სახელისუფლო პარტია პოსტსაბჭოთა სივრცეზე არჩევნებს არ აგებს. ერთადერთი გამონაკლისია ამ თვალსაზრისით უკრაინა. სახელისუფლო პარტიის მიერ არჩევნების წაგება ნიშნავს რევოლუციურ სიტუაციასა და გადატრიალებას, როგორც ეს მოხდა 2003 წელს საქართველოში. ამის შემდეგ ძველი სახელისუფლო პარტია იშლება და ქრება, ხოლო მის მაგივრად იქმნება ახალი („მოქალაქეთა კავშირის“ მაგივრად „ნაციონალური მოძრაობა“), ანუ პოსტსაბჭოთა სივრცეში (უკრაინის გარდა) შეუძლებელია ისეთი სიტუაცია, რომ სახელისუფლო პარტიამ წააგოს არჩევნები და მშვიდად გადავიდეს ოპოზიციაში.

''ნაციონალური მოძრაობა'', როგორც „ნაციონალური“ ხელისუფლების დანამატი და ინსტრუმენტი, ჯერჯერობით წარმატებით ასრულებს თავის ფუნქციას. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მას არ წაუგია არც ერთი არჩევნები და არც ახლო მომავალში ჩანს ამის პერსპექტივა. სიმბოლურია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული დროშა თითქმის ზუსტად ემთხვევა სახელმწიფო დროშას. ოღონდ, განსხვავებით კომუნისტური ეპოქისგან, როცა კომპარტია ფაქტობრივად წარმოადგენდა სახელმწიფოს, დღეს სახელისუფლო პარტია არის სახელმწიფო სტუქტურის დანამატი.

შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის განხილვა, აზრს მოკლებულია. პარტიის წევრებს, მითუმეტეს რეგიონალურ დონეზე, არავინ ეკითხება აზრს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. სხვათა შორის, ამ მხრივ „მოქალაქეთა კავშირი“, ე. შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში გაცილებით უფრო ცოცხალი ორგანიზმი იყო, ვიდრე ''ნაციონალური მოძრაობა''. მაშინ სხვადასხვა სახელისუფლო დაჯგუფებებს შორის, რომლებიც ამავე დროს მოქკავშირის ლიდერებიც იყვნენ, მიდიოდა დაძაბული ბრძოლა პარტიის ხელში ჩასაგდებად. დღევანდელ ხელისუფლებაში არსებულ ჯგუფებს კი ჯერჯერობით აზრადაც არ მოსდით, მმართველ პარტიაში გავლენისთვის იბრძოლონ. ისინი ერთმანეთში ურთიერთობებს არკვევენ პარტიის გარეთ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება საარჩევნო მანქანად, რომელსაც მხოლოდ არჩევნების მოგება, უფრო სწორად, სასურველი შედეგის დაფიქსირება ევალება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია მიხეილ სააკაშვილი, ხოლო გენერალური მდივანი - ზურაბ მელიქიშვილი. მმართველი პარტიის ნაკლებ მნიშვნელობაზე სახელისუფლო სტრუქტურებში მიუთითებს მის გენერალურ მდივნად ნაკლებად ცნობილი და გავლენიანი ფიგურის ყოფნა. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით აქტიურია მხოლოდ „კირკიტაძის ჯგუფი“, რომელსაც სათავეში უდგას ქვემო ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული დ. კირკიტაძე. ზ. მელიქიშვილიც ამ რეგიონში მუშაობდა რამდენიმე წლის წინათ, იგივე თანამდებობაზე. არც მელიქიშვილი და არც კირკიტაძე არ ითვლებიან „გადაწყვეტილების მიმღებ“, ანუ decision-maker ფიგურებად ნაციონალების ხელისუფლებაში. პრაქტიკულად, ფორმალურად არსებობს პარტიის ოფიალური საიტი (www.unm.ge), რომელიც თითქმის არ ახლდება (შედარებისთვის: რუსეთის სახელისუფლო პარტიის „ედინაია როსიას“ ინტერნეტ-პორტალი შეუდარებლად აქტიურია და ინფორმაციებით დატვირთული). „ნაციონალური მოძრაობა“ მორჩილად ახორციელებს სახელმწიფო კურსს, რომლის მთავარი არსია რუსეთთან დაპირისპირება და აღებული მიმართულება დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ სტრუქტურებში, მაგალითად, ნატოში, ინტეგრაციისკენ.

„ნაციონალური მოძრაობის“, როგორც საარჩევნო მანქანის შემადგენლობაში, ბოლო დროს გაჩნდა ისეთი მოვლენა, როგორიცაა „უბნების (მიკროზონების) კოორდინატორები“ და ე.წ. კორპუსების ამხანაგობების თავმჯდომარეები. 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში, თბილისში, სწორედ ეს ადამიანები ასრულებდნენ მმართველი პარტიის საველე აქტივისტების როლს. ამასთან, საინტერესოა, რომ ისინი არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. საერთოდ, ამ პარტიაში გაწევრება შეზღუდულია, ხოლო წევრთა რაოდენობა - შედარებით მცირე. რეგიონებში არჩევნების დროს აქტიურ როლს თამაშობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები (მერიებიდან და გამგეობებიდან).

ბოლო არჩევნების მიხედვით, ''ნაციონალური მოძრაობის'' შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“. მისი ლიდერია ყოფილი ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე. პარტიის მმართველ ჯგუფს და „ცნობილ სახეებს“ შეადგენენ ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილი ჟურნალისტები და თანამშრომლები - გ. თარგამაძე, ინგა გრიგოლია, გიორგი ახვლედიანი, ლევან ვეფხვაძე, მაგდა ანიკაშვილი. ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილმა „იმედმა“ სერიოზული გავლენა მოახდინა 2007 წლის მოვლენებზე, მაგრამ იმავე წლის ბოლოს თავად მისმა წამყვანმა ჟურნალისტებმა დახურეს ეს ტელეკომპანია. დაჟინებით საუბრობდნენ, რომ პატარკაციშვილის მიერ ლონდონიდან „იმედისთვის“ გამოგზავნილი ვიდეომიმართვა, რომელიც არხის ეთერში უნდა გასულიყო, გიორგი თარგამაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა, რაც შემდეგ დამონტაჟებულად გადაიცა სახელისუფლო არხების ეთერით. ასეა თუ არა სინამდვილეში, ძნელი სათქმელია, მაგრამ შემდგომ წლებში აშკარად ჩანდა, რომ ახლადშექმნილი პარტია ძალოვანი უწყების კონტროლქვეშ იმყოფებოდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერია ნიკა ლალიაშვილი, რომელიც 2000-2004 წლებში უშიშროების საბჭოსა და უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი იყო. არსებობს ვარაუდი, რომ სწორედ იგი წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს პარტიასა და შსს-ს შესაბამის სტრუქტურებს შორის.

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ გამოირჩევა სხვა ქართული პარტიებისგან იმით, რომ ოფიციალურად დეკლარირებული აქვს საკმაოდ უცნაური პოზიცია: ერთის მხრივ, მართლმადიდებლური ფასეულობების ხაზგასმა (სახელწოდებაც შესაბამისია), ხოლო მეორეს მხრივ - უკიდურესი „ატლანტიზმი“, ანუ ცალმხრივად დასავლეთზე, განსაკუთრებით აშშ-ზე ორიენტაცია. გ. თარგამაძე ერთხანს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასაც კი ითხოვდა. ამასთან, ნათელია, რომ ამგვარი იდეოლოგია შინაგანად წინააღმდეგობრივია, რადგან ტრადიციული, მართლმადიდებლური ფასეულობებისა და ამერიკული კოსმოპოლიტური გლობალიზმის ერთმანეთში ჰარმონიული შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს ამ პარტიის დამოუკიდებლობას ხელისუფლებისგან და მას მმართველი ძალის სატელიტად მიიჩნევს, პარტია მაინც საკმაოდ რეიტინგულია თბილისში და მთელ რიგ რეგიონებში. ამის მიზეზია დეკლარირებული ორიენტაცია მართლმადიდებლობაზე და მცდელობები, რომ თავი წარმოაჩინონ კათალიკოს-პატრიარქთან დაახლოვებულ და მისთვის მისაღებ ჯგუფად. ასევე, როლს თამაშობს გ. თარგამაძის პირადი თვისებები, კერძოდ, მეტყველების სტილი და იმიჯი. გარდა ამისა, ხელისუფლების კეთილგანწყობა აშკარად დადებითად მოქმედებს „ქრისტიან-დემოკრატების“ საარჩევნო შედეგებზე - ეს ხდება როგორც საინფორმაციო ფონის შექმნით, ასევე ფინანსურად და უშუალოდ საარჩევნო პროცედურების დროსაც.

2010 წლის არჩევნებში პირველად მიიღო მონაწილეობა ირაკლი ალასანიას პარტიამ - „თავისუფალი დემოკრატები - ჩვენი საქართველო“. ეს მოხდა საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში, „რესპუბლიკელებთან“ და „ახალ მემარჯვენეებთან“. თავად ალასანიამ თბილისის მერის პოსტზე იყარა კენჭი და რიგ რაიონებში (საბურთალო, ვაკე და ა.შ.) თითქმის თანაბარი კონკურენცია გაუწია სახელისუფლო კანდიდატს, გიგი უგულავას. მაგრამ თბილისის გარეუბნებსა და საქართველოს რეგიონების დიდ ნაწილში ალასანიასა და მისი ბლოკის შედეგები გაცილებით მოკრძალებული იყო. არჩევნების შემდეგ ეს საარჩევნო ბლოკი დაიშალა, ხოლო ი. ალასანია საკუთარი პარტიის მშენებლობასა და გაძლიერებას შეუდგა, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც მისი პოზიციები ძალზე სუსტია. ამასთან, თბილისის მოსახლეობაში, ვინც მხარი დაუჭირა მის კანდიდატურას, იგრძნობოდა იმედგაცრუება იმ პასიურობის გამო, რაც ალასანიამ არჩევნების შემდგომ გამოავლინა. ოპოზიციის ეს წარმომადგენელი ჯერჯერობით „კონსტრუქციულ“ ფრთას განეკუთვნება და ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია. ალასანია წინააღმდეგია ქუჩის აქციებისა და 2009 წლის გამოსვლებშიც აშკარად უხალისოდ მონაწილეობდა. პარტიის მთავარ მიზნად საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადებას ასახელებს.

საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში არსებული დანარჩენი, მეტ-ნაკლებად გავლენიანი პარტიები ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციის კატეგორიას მიეკუთვნებიან. მათ შორის უნდა გამოვყოთ შემდეგი ორგანიზაციები: ლეიბორისტული პარტია; „ეროვნული ფორუმი“; „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“; „ქართული პარტია“; კონსერვატიული პარტია; „ხალხის პარტია“; „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“.

ლეიბორისტული პარტია ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანია ქართულ პარტიებს შორის, რადგან ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუა ხანებიდან არსებობს. პარტიის უცვლელი ლიდერია შალვა ნათელაშვილი. ლეიბორისტები ყოველთვის რეიტინგულ პარტიად ითვლებოდნენ, ხოლო 1998 და 2002 წლების ადგილობრივ არჩევნებში თბილისში მე-2 და 1-ლ ადგილზე გავიდნენ. თავისუფალი კონკურენციის პირობებში (რაც საქართველოში არ არსებობს) პარტიას შეუძლია ამომრჩეველთა არანაკლებ 15-20 % ხმების მიღება. პარტიის ძლიერი მხარეა სოციალურ საკითხებზე აქცენტირება. იგი პოპულარულია დაბალ სოციალურ ფენებში და რამდენიმე რეგიონში, მაგალითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, იმერეთში და ა.შ. პარტიის სტუქტურა საკმაოდ კარგად არის აწყობილი და გათვლილია ლიდერზე, რომლის ავტორიტეტს ორგანიზაციის შიგნით საფრთხე არ ემუქრება. ყოველ შემთხვევაში, ნათელაშვილის პირად ქარიზმას ლეიბორისტების რეიტინგში დიდი წვლილი შეაქვს, მის გარეშე პარტია მკვეთრად დასუსტდება, ლიდერის ადეკვატურად შემცვლელი კი ხელმძღვანელობაში არ მოიაზრება. ამგვარად, ეს პარტიაც, ისევე, როგორც ქართული პარტიების უ