უცხოეთი
პუტინი ერდოღანს პარიზში არ შეხვდება

საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან შეხვედრას, პარიზის კლიმატის ცვლილებების სამიტზე, არ აპირებს. ამასთანავე,Deutsche Welle იუწყება, რომ პრეზიდენტებს შორის შეხვედრები არც უახლოეს მომავალში იგეგმება. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ერდოღანთან შეხვედრა არ იგეგმება, ამის შესახებ მოლოპარაკება არ მიმდინარეობს. მსგავსი შეხვედრა არ შედგება“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა. პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა რომ პუტინის გრაფიკში „არ იგეგმება რაიმე სახის კონტაქტი“ .

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა შესაძლოა სამიტის ფარგლებში შემდგარიყო. ამის სურვილი თურქეთის პრეზიდენტმა თავადაც გამოთქვა.

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის თქმით, მოსკოვი უარს აცხადებს ერდოღანთან კონტაქტზე, იქიდან გამომდინარე, რომ ოფიციალურ ანკარას Су-24-ის ჩამოგდების გამო, ბოდიში არ მოუხდია.