«ნაცმოძრაობის» ელიტის იარაღით უკანონო ბიზნესის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება – ოფშორული «ბელტრეიდინგის» გარდა, რომლის შესახებაც ჰილარი კლინტონის საიდუმლო წერილშიცაა საუბარი და რომელზეც «ქართული სიტყვა» ორი თვის წინ წერდა, სააკაშვილის გარემოცვას კავშირი ისრაელში რეგისტრირებულ საბროკერო კომპანია «პას ლოჯისტიკთანაც» ჰქონია. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკის, უსაფრთხოების ექსპერტ კონსტანტინე ფორჩხიძის მონაცემებით, ხსენებულ კომპანიასთან კავშირი უშუალოდ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა დაამყარა. ამასთან, ირკვევა, რომ ისრაელში რეგისტრირებული კომპანიის შუამავლობით, ქართულმა მხარემ იარაღის მწარმოებელი კერძო ამერიკული კომპანიისგან ყუმბარები, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ლამის სამმაგ ფასად შეიძინა. კონსტანტინე ფორჩხიძე ამბობს, რომ ამ შესყიდვითაც ფული გათეთრდა… „ქართული სიტყვა“ აგრძელებს არქივიდან სკანდალური ინტერვიუების გამოქვეყნებას.
კონსტანტინე ფორჩხიძე: – 2010 წლის 7 დეკემბერს, ამერიკულ «ფორეიგნ პრესში» პილარი ბონეტისა და ელ პაისის სტატია გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია: «საქართველოს ძვირად დაუჯდა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომი. ქვეყანა, რომელიც კავკასიაში ნატო-ს მოკავშირედ მოიაზრებოდა, სუსტ და აშშ-ის ლაქია სახელმწიფოდ გადაიქცა, რომელიც პანიკურადაა შეპყრობილი იმის შიშით, რომ სეპარატისტულ რეგიონებს დამოუკიდებლად აღიარებენ და რომ საქართველო რუსეთისა და ირანისთვის უფრო მოწყვლადია… თბილისი აშშ-ს ებღაუჭება, რადგან მიაჩნია, რომ მხოლოდ ის არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი და არა – ევროპელი «ცინიკოსები».
– ბატონო კოტე, ამ სტატიის ციტირებით რისი თქმა გსურთ?
– ამ და სხვა დოკუმენტების თანახმად, 2008 წლის 1-2 აგვისტოს, რეგიონში ადგილი ისეთი ინტენსივობის სროლებს ჰქონდა, როგორიც 2004 წლის შემდეგ აღარ ყოფილა, თუმცა ნიშანდობლივია, რომ სროლის დაწყების ინიციატორი არ სახელდება. 7 აგვისტოს ანგარიშით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში დაფიქსირებულია ინტენსიური სროლები და ქართული არტილერიის გადაადგილება. ასევე, აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საელჩოს თბილისის ოფისიდან ვაშინგტონში გაგზავნილ დოკუმენტებში 138 სიმბოლო გამოტოვებულია. 8 და 9 აგვისტოს კი, დღეში მხოლოდ ორი ინფორმაცია იგზავნებოდა. ინფორმაციის ასეთი წყვეტა და ლაკონურობა იმაზე მიუთითებს, რომ საელჩოდან ცნობები სხვა არხებით ვრცელდებოდა…
სხვათა შორის, ზემოხსენებულ სტატიაში, ასევე, ნათქვამია: «ვაშინგტონი შეეცადა, დიპლომატიური გზებით ხელი შეეშალა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლეგიტიმაციისთვის, აშშ-მ შეაჩერა «აღიარების კასკადი», რაც თბილისს თავზარს სცემდა, მაგრამ ვერ შეძლო ირანის გავლენის პრევენცია კავკასიის ამ რეგიონში, სადაც აშშ იბრძვის გავლენისთვის რუსეთის, ოტომანთა და სპარსეთის იმპერიების მემკვიდრეებთან ერთად. ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ, თეთრი სახლი ქართველებს, რომლებიც, მოსკოვის აზრით, მილიტარისტული ქმედებებისკენ უმცროსმა ჯორჯ ბუშმა წააქეზა, «უხეში ძალის ნაცვლად გონივრულისკენ» და «სტრატეგიული მოთმინებისაკენ» მოუწოდებს. საქართველო მოითხოვს, რომ აშშ-მ თანამედროვე იარაღი მიჰყიდოს და მწვანე შუქი აუნთოს მის ნატო-ში გაწევრიანებას. ჩრდილოამერიკელი დიპლომატები უარს ამბობენ იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ბარაკ ობამას მიზანთან, განაახლოს რუსეთთან ურთიერთობები, შეუთავსებელია».
აქვე, შევეხები «ვიკილიქსის» მიერ გამოქვეყნებულ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ჯონ ტეფტის მოხსენებას: «საქართველო პრობლემას უქმნის ვაშინგტონის იმიჯს რეგიონში, რომელიც უარყოფს პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის თეზას გავლენის სფეროების შესახებ. თუკი ამ რეგიონის ქვეყნები, მაგალითად, ბელორუსი და ყირგიზეთი ჩათვლიან, რომ თეთრი სახლი კავკასიისა და ცეტრალური აზიის ინტერესების იგნორირებას ახდენს, გადაწყვეტენ, რომ აშშ-თან თანამშრომლობა უფრო სარისკოა, ვიდრე – რუსეთთან».
«ვიკილიქსის» მიხედვითვე, რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ ბერლი კი წერს: «თუკი ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან უფრო მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობისკენ სვლას, საფრთხის ქვეშ დავაყენებთ რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკას».
ამასთან, ტეფტი ჯერ კიდევ მაშინ მიანიშნებდა, რუსეთს ქართული აგრესია შეიძლება, უკრაინაში, ან რომელიმე სხვა ადგილას გაემეორებინა. სხვათა შორის, ტეფტს უნდოდა, რომ ვაშინგტონს საქართველოსთვის ახალი ლეტარული თავდაცვითი სისტემა, ანუ ტანკ და ჰაერსაწინააღმდეგო იარაღი გადაეცა, რაც თბილისის 72-საათიანი დაცვისთვის იქნებოდა საკმარისი… «თუკი აშშ ამ იარაღს არ მიჰყიდის, საქართველო მის შოვნას შეეცდება სხვაგან, როგორც ეს წარსულში გააკეთა», – წერდა ტეფტი… პოლონეთმა ჰაერსაწინააღმდეგო პორტატული სისტემები მას შემდეგ მოგვყიდა, რაც ამ თხოვნაზე აშშ-მ უარი გვითხრა…
– ბატონო კოტე, რაკიღა სიტყვა იარაღზე ჩამოვარდა, გკითხავთ, ირაღის უკანონო ბიზნესთან დაკავშირებით ახალი ფაქტები ხომ არ გაქვთ?
– დიახ, მაქვს. ჩემი ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, უშუალოდ დავით კეზერაშვილის შუამავლობით, იარაღით ვაჭრობაში «პაზ ლოჯისტიკი» ჩაერთო, რომლის სათაო ოფისიც ისრაელშია. ამ კომპანიამ, რომელიც ამერიკული იარაღის ბროკერია, საქართველოს 70 ათას დოლარად შეფასებულ კონტრაქტში 300 ათასი, 477-ათასიანში კი, მილიონი დოლარი გამოართვა. სხვათა შორის, ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოხსენებაშიცაა ნათქვამი, რომელიც 2009 წლის აგვისტოთია დათარიღებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტებით კი, ამ კომპანიამ იარაღის ფასები სხვა შემთხვევებშიც გაბერა. კერძოდ, ლაპარაკია «მარტინ ელექტრონიკ ფლორიდიდან», «პაზ ლოჯისტიკის» შუამავლობით, საქართველოს მიერ შეძენილ მ4331 ტიპის 40 მმ-იან 5 ათას ყუმბარაზე. თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, ბერძენიშვილმა, რომელიც 2009 წელს იარაღის შესყიდვაზე იყო პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ «პაზ ლოჯისტიკის» მიერ დასახელებულ ფასს მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან ამ მასალების, ანუ ყუმბარების ყიდვა უმაღლესი პრიორიტეტი იყო…
2009 წლის სექტემბერში, ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ნატო-ს ინსპექტორთა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამეფებული კორუფციითა და პროტექციონიზმით, ასევე, ფუნქციებისა და პარამილიტარისტული საკითხების აღრევით. ნატო-ს, ამერიკელების მსგავსად, თავდაცვის მინისტრების ხშირი ცვლილებაც აღელვებდა. ამასთან, აშშ-მ შეშფოთება ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გამოც გამოთქვა…
– რატომ?
– იმიტომ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაზე რომ აღარაფერი ვთქვა, «ჰუმან რაით ვოთჩისა» და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებიც არსებობდა, რომლებშიც ციხეში გამეფებულ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაზეა ლაპარაკი.
– თუმცა, ყველაფერ ამის მიუხედავად, ახალმა ხელისუფლებამ ბაჩო ახალაიას ე.წ. ციხის ეპიზოდებზე ბრალდება არ წაუყენა… ამას რითი ხსნით?
– რომელიმე სახელმწიფო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი არ ვარ და ამ შეკითხვაზე როგორ უნდა გიპასუხოთ?
– ისე, თუკი დათა ახალაია ბერძენმა სამართალდამცავებმა ერთი თვის წინ დააკავეს, ქართულმა მხარემ ამის შესახებ დღემდე რატომ არაფერი იცოდა? ეს კონტრდაზვერვის ცუდ მუშაობაზე მიუთითებს?
– კონტრდაზვერვა არაფერ შუაშია. ამის შესახებ საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებს უნდა სცოდნოდათ, რადგან დათა ახალაია «ინტერპოლის» ხაზით იძებნებოდა, «ინტერპოლის» ქართული ქვედანაყოფი კი, შსს-ს ექვემდებარება.
– ბატონო კონსტანტინე, თუკი «ნაციონალების» ელიტა, 9 წლის განმავლობაში, იარაღის უკანონო ბიზნესში იყო ჩართული, მაშინ უცნაურია, პრეზიდენტი სააკაშვილი თავდაცვის მინისტრებს წარამარა რატომღა ცვლიდა?
– სწორი შეკითხვაა… საქმე ისაა, რომ სააკაშვილს მთელი სისტემის გასვრა უნდოდა. თავდაცვის მინისტრების ხშირი ცვლის მეორე მოტივი კი, შეიძლება, ის იყო, რომ სქემა ბოლომდე არ გაეშიფრათ. ზოგიერთმა ვერც გაშიფრა.
– «ზოგიერთში» ვის გულისხმობთ?
– მაგალითად, დიმიტრი შაშკინს… სამაგიეროდ, ამ სქემაში გია ბარამიძე და ირაკლი ოქრუაშვილი კარგად ერკვეოდნენ. სხვათა შორის, უკრაინასთან პირველი დაძაბულობა სწორედ ოქრუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს გაჩნდა – ალბათ, გახსოვთ, იარაღის თემასთან დაკავშირებით რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი დააკავეს, მათ შორის, ერთი, თუ არ ვცდები, გვარად ნატროშვილი იყო…
– სააკაშვილს რა გარანტია ჰქონდა, რომ ოქრუაშვილი არ ალაპარაკდებოდა?
– გარანტია ის იყო, რომ ოქრუაშვილიც გასვრილი გახლდათ – მამუკა მუჯირი, რომელზეც ამერიკულ დოკუმენტებშია ლაპარაკი, სწორედ მისი მოადგილე იყო. მეტიც, მუჯირი თავდაცვის სისტემაში ოქრუაშვილმა მიიყვანა და საქმიანობა კეზერაშვილის მინისტრობის დროსაც გააგრძელა. ვალერი ხაბურძანია რაღაცებს რომ მითვლის, მუჯირი თავის დროზე მისი მოადგილეც გახლდათ…
– ამით იმის თქმა გინდათ, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობას ადგილი «ვარდების რევოლუციამდეც» ჰქონდა?
– რა თქმა უნდა. იარაღით ვაჭრობა მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, ვარდიკო ნადიბაიძის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო. დავით თევზაძის მინისტრობისას ეს ბიზნესი ცოტა, ასე ვთქვათ, შეფერხდა, რადგან მაშინ სამხედრო კონტრდაზვერვა თავის სიმაღლეზე იდგა…
– ესე იგი, თავდაცვის მინისტრების ცვლა ერთგვარი პრევენცია იყო. იარაღით ვაჭრობის სქემას თავიდან ბოლომდე ვინ «იცნობდა»?
– მიშა და ეს აღიარა კიდეც – პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე სამი დღით ადრე, «ბელტრეიდინგის» ყოფილი ხელმძღვანელი, ბონდარჩუკი საქართველოში ჩამოიყვანა და მედალი ჩამოჰკიდა…
მოკლედ, «ბელტრეიდინგთან» ურთიერთობის სქემა თავიდან ბოლომდე გაშიფრულია, მაგრამ არ ვიცი, მთავარი პროკურატურა რატომ დუმს. იმ განწყობაზე ხომ არ არიან, რომ რადგან კვალი მიხეილ სააკაშვილამდე მიდის, ხელი სხვებსაც დააფარონ? მე, როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, მაინტერესებს, თუ სად წავიდა ჩემს მიერ გადახდილი გადასახადი, რომლის ნაწილიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროზე იხარჯებოდა? ასევე, მაინტერესებს, თუ რატომ დახვდა საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის თვითმფრინავებს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გარეშე? ეს შეკითხვები, წესით, სახელმწიფოსაც უნდა ჰქონდეს!
– ბატონო კოტე, აგვისტოს ომის შემდეგ, ებრაული «პასტ ლოჯისტიკის» შუამავლობით, საქართველო ამერიკულ ხელყუმბარებს რომ ყიდულობდა, ამერიკელები ყასიდად მაინც რატომ არ დაინტერესდნენ, ქართულ მხარეს იარაღი რისთვის სჭირდებოდა?
– აგვისტოს ომის შემდეგ, ხელყუმბარები სახელმწიფო კი არა, კერძო ამერიკული კომპანიისგან იქნა შეძენილი. ამიტომ, მოგვიანებით, «მარტინ ელექტრონიქ ფლორიდას» მისამართით შეკითხვები თავად ამერიკელებმაც დასვეს. ისე, საინტერესოა, ეს ხელყუმბარები თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რეალურად ირიცხება თუ არა…
– რა ამის პასუხია და, პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ვიღაცებს მისი «გაგორება» უნდათ. ბატონო კონსტანტინე, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
– დღეს სააკაშვილი პოლიტიკური გვამია და მისი ბოლო გამოსვლაც ამაზე მიანიშნებს.
– რომელ «პოლიტიკურ გვამობაზე» ლაპარაკობთ, როცა სააკაშვილი ამტკიცებს, პროკურატურაში მოწმედ დამიბარეს თუ არა, გავლენიანი ამერიკელები ბიძინა ივანიშვილს ამერიკული ანგარიშების დაყადაღებით დაემუქრნენო… სხვათა შორის, ამის უარყოფა ამერიკელებს არ უცდიათ…
– ამერიკელები მიშას სერიოზულად მაშინაც აღარ აღიქვამდნენ, როცა პრეზიდენტი იყო, რადგან კარგად ჰყავდათ შესწავლილი. ამიტომაც, 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა და ეუბნებოდა, მიშა, ომის დაწყება არ გაბედოო… ისე, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ისიც იცოდნენ, რომ მიშა რუსული ე.წ. პროექტი იყო…
– რატომაა გამორიცხული, რომ რუსებმა მიშას ლიკვიდაცია დაგეგმონ?
– რუსულ სპეცსამსახურებს სააკაშვილის ლიკვიდაცია არაფერში სჭირდებათ.
– ექსპრეზიდენტის ლიკვიდაცია, მინიმუმ, ქვეყანაში არეულობას გამოიწვევს – მიშას მომხრეები ქუჩაში გამოვლენ…
– მიშას რა მომხრეები ჰყავს? – სულ 6 პროცენტი. სხვათა შორის, ეს მონაცემები პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაასაჯაროვა… «აი-რა-ი» და «ენ-დი-აი» პარტიებს ე.წ. შიდა კვლევის შედეგებს აცნობენ. წარმოგიდგენიათ, ამერიკელებს «სტავკა» მიშა სააკაშვილზე რომ ჰქონდეთ, «ნაცმოძრაობას» 6 პროცენტს დაუწერდნენ? მოკლედ, ამ კვლევებიდან ჩანს, რომ ამერიკელებმა «ნაცმოძრაობის» შენარჩუნებაზე, თუ მისი თავმჯდომარე სააკაშვილი იქნება, უარი საბოლოოდ თქვეს.
– შეიძლება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღეს «ახალ ამბავს» ისევ «ნაცმოძრაობა» ქმნის…
– ეს უკვე ტექნოლოგიაა… წინა ინტერვიუშიც გითხარით, რომ ხელისუფლებამ «ნაცმოძრაობასთან» პინკ-პონგის თამაშს თავი უნდა დაანებოს და რეალურ რეფორმებზე იფიქროს…
– ბატონო კონსტანტინე, პრეზიდენტის ვადის ამოწურვამდე, სააკაშვილმა თურქეთის თითქოს ქართული წარმოშობის მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობა სულ ბითუმად დაურიგა. ეს რას ემსახურებოდა?
– ალბათ, მხარდამჭერების მოპოვებას…
სხვათა შორის, კაციშვილი ყურადღებას არ ამახვილებს, რომ საქართველოს თითქმის მილიონამდე მოქალაქე რუსეთში ცხოვრობს და ე.წ. რუსული პასპორტიზაცია, რომელზეც განგაში «ქართულმა სიტყვამ» ატეხა, სწორედ მათზეა გათვლილი.
– რას გულისხმობთ?
– ამ ხალხს პუტინმა შეიძლება, საქართველოში დაბრუნება მოსთხოვოს. წარმოიდგინეთ, სამშობლოში დაბრუნებული მილიონი ადამიანი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა ექნება, ელემენტარულად, სამსახურს ვერ იშოვის, ქუჩაში გამოვა და ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს დაიწყებს, რაც შეიძლება, დესტაბილიზაციის კერა გახდეს.
– დესტაბილიზაციისთვის სხვა უამრავი საბაბიც არსებობს. მაგალითად, ბოლო დროს საქართველოში ირანელების, ასე ვთქვათ, ბუმია. ცნობილია, რომ ირანი რუსეთის მოკავშირეა…
– საქართველოში ირანელების შემოსვლა 2000 წლიდან დაიწყო, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლოს გახდა…
– გამორიცხულია, რომ რუსული და ირანული სპეცსამსახურები საქართველოში შეთანხმებულად მოქმედებდნენ?
– ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ირანს საქართველოში, ბუნებრივია, თავისი ინტერესი აქვს – გარდა იმისა, რომ ძველი გავლენის აღდგენას ცდილობს, საქართველო ოფიციალური თეირანისთვის ევროპისკენ უმოკლესი გზაა. ეს ინტერესი გაზსადენსაც უკავშირდება – მართალია, გაზისმწარმოებელი ქვეყანაა, მაგრამ ირანი თამაშგარე მდგომარეობაშია დარჩენილი, ანუ თავის გაზს ვერ ყიდის. ამიტომ, ირანისთვის საქართველოში ფეხისმოკიდება ძალიან მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, როგორც კი საქართველოში ირანული ბიზნესის შემოსვლა და რელიგიურ სექტორში მოღვაწეობა დაიწყო, ამერიკელები შეშფოთდნენ, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ ყველაფერ ამის უკან, შეიძლება, ირანული სპეცსამსახური იდგეს.
იცით, ირანელებმა რა მოინდომეს?
– რა?
– უნდოდათ, ინვესტიციები ენერგეტიკაში ჩაედოთ, რაზეც ამერიკელებმა ერთი ამბავი ატეხეს და აშშ-ის საელჩომ სააკაშვილი არაერთხელ გააფრთხილა, რომ ამ თამაშისთვის თავი დაენებებინა.
ირანს თავი რომ დავანებოთ, კიდევ ერთი ახალი მოთამაშე გაჩნდა – ისრაელი, რომელიც პირდაპირ ირანზეა მიბმული.
– ვერ ვხვდები, საუბარი საითკენ მიგყავთ…
– ისრაელის სპეცსამსახურებისთვის საქართველო სამუშაო ველია, ანუ საქართველოს თავისუფალი მიმოსვლა მხოლოდ ირანთან კი არა, ისრაელთანაც აქვს. ირანელი ბიზნესმენები ირანიდან, რომელიც ჩაკეტილი სივრცეა, თავს საქართველოში იყრიან… მოკლედ, ისრაელის სპეცსამსახურები ირანელებთან ოპერატიულ კონტაქტებს ამყარებენ…
– ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისგან ვიცი, რომ ბოლო დროს ებრაელი ტურისტების სიმრავლე შეინიშნება…
– დიახ, სასტუმროები ისრაელის მოქალაქეებითაა გადაჭედილი, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის კარგია, მაგრამ ჩვენმა სპეცსამსახურებმა ყურადღება უნდა დააწესონ, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე ირანისა და ისრაელის სპეცსამსახურების ჭიდილი მიმდინარეობს.
ირანელები საქართველოში შემოვიდნენ თუ არა, კულტურულ-საგანმანათლებლო კერების გახსნა დაიწყეს. მაგალითად, საბურთალოს ქუჩა #45-ში კავკასიურ-ირანული ინსტიტუტი შექმნეს, რომელსაც მიხეილ მახარაძე ხელმძღვანელობდა.
– ეს ის მიხეილ მახარაძეა, «ნაციონალების» დროს აჭარის პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო?
– დიახ, სწორედ ეგაა. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ირანის საელჩოს თანამშრომელ ჩაჰაბორდთან, რომელიც ჩვენი სპეცსამსახურების თვალთახედვის არეში არაერთხელ მოხვდა…
– ოპერატიული თვალთვალი მახარაძეზეც მიმდინარეობდა?
– მახარაძეს ხელს პირდაპირ ვერ დავადებ, რომ ირანულ ინტერესებს ატარებდა, თუმცა არსებობდა ინფორმაცია, რომ ოპერატიულად საინტერესო კონტაქტები ჰქონდა…
– ბატონო კოტე, ყურმოკვრით ვიცი, რომ თავის დროზე საქართველოს კონტრდაზვერვა საიდუმლო საქმეზე მუშაობდა, რომლის კოდური სახელიც «შაკალი» იყო…
– ყველაფრის თქმის უფლება არ მაქვს…
– მახარაძის საინტერესო ირანული კონტაქტების შესახებ მიხეილ სააკაშვილი საქმის კურსში იყო?
– წესით, უნდა ყოფილიყო და ამის შესახებ «მარჯვენა ხელს», ვანო მერაბიშვილს უნდა ეთქვა…
წლების განმავლობაში, უშიშროებაში, ე.წ. რელიგიურ სექტორს ვკურირებდი… ირანელები ქვემო ქართლში, მუსულმანებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონში, ისეთ ახალგაზრდებს არჩევდნენ, რომლებიც ძალიან გაჭირვებული ოჯახებიდან იყვნენ და ირანში, ქალაქ ყუმში მიჰყავდათ, სადაც ისლამური ფუნდამენტალიზმის მთავარი სასწავლებელია და სადაც სასულიერო ლიდერებს ამზადებენ. ამ ახალგაზრდებიდან ბევრი მარნეულსა და ქვემო ქართლის სხვადასხვა რაიონში, როგორც სასულიერო ლიდერი, დღესაც მოღვაწეობს…
– მერე, ამაში ცუდი რა არის?
– როგორ გგონიათ, 16-17 წლის ბავშვს ირანში რომ წაიყვან და ტვინს გამოურეცხავ, საქართველოში დაბრუნებული რას იქადაგებს? ბუნებრივია, – შიიზმს და ეს მაშინ, როცა საქართველოში მცხოვრები მუსულმანების აბსოლუტური უმეტესობა სუნიტია. იცით, შიიზმის ქადაგება რას გამოიწვევს? რას და, – აზერბაიჯანის, როგორც სახელმწიფოს გაღიზიანებას. სხვათა შორის, აზერბაიჯანში, მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანური ქვეყანაა, ისეთი მიმდევრობის ლიდერებს, როგორიც, მაგალითად, ვაჰაბიზმი და შიიზმია, სასულიერო მოღვაწეობა კანონით ეკრძალებათ. ქვემო ქართლიდან მოსახლეობის მიგრაცია აზერბაიჯანში, ცხადია ხდება. ქვემო ქართლი კი, ირანული სპეცსამსახურების პლაცდარმია… საერთოდ, ირანის სპეცსამსახური ძალიან ძლიერია და მისი ერთ-ერთი მიმართულება რელიგიის საფარქვეშ სადაზვერვო საქმიანობაა…
– სხვათა შორის, ხმა დადის, რომ ქართულ ეკლესიაში თავიანთი ხალხი რუსულ სპეცსამსახურებსაც ჰყავთ…
– რა თქმა უნდა…
– ბატონო კოტე, რაკიღა უშიშროებაში რელიგიის კუთხით მუშაობდით, ცხადია, გეცოდინებათ, მაღალი მღვდელმთავრები რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ არიან?
– არიან გარკვეული რელიგიური მოღვაწეები, რომლებიც თავიანთი წარსულიდან გამომდინარე, რუსულ სპეცსამსახურებთან პირდაპირ კავშირში იმყოფებიან.
– რა წარსულს გულისხმობთ?
– გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ზოგს «ბალაშიხას სკოლა» აქვს დამთავრებული…
– «ბალაშიხას სკოლა» რა არის?
– «ბალაშიხას სკოლას» «გე-რე-უ»-ს 101-ე სასწავლებელს ეძახდნენ… ეს ადამიანები ჯერ საქართველოს სხვადასხვა სექტორში მოღვაწეობდნენ, მერე კი, რელიგიურ სექტორში მოხვდნენ…
– ვაჰაბიზმმა საქართველოში ფეხი ირანული სპეცსამსახურების ხელშეწყობით მოიკიდა?
– არა. საქართველოში ვაჰაბიტები პირველად ე.წ. პირველი ჩეჩნური ომის დაწყების დროს, მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შუა ხანებში გამოჩნდნენ. სხვათა შორის, მაშინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მაჩაბლის 13 ნომერში, ანუ მწერალთა სახლში «აზიის მუსულმანთა კომიტეტი» ფუნქციონირებდა, რომლის სათაო ოფისიც კუვეიტშია. საუდის არაბეთი ვაჰაბიტური მიმდინარეობის, ასე ვთქვათ, მექად ითვლება. ისიც ცნობილია, რომ საუდის არაბეთი აშშ-ის მოკავშირეა…
– ამით რისი თქმა გინდათ?
– აშშ-ის სპეცსამსახურები საუდის არაბეთის სასულიერო მოღვაწეებს შესაძლოა, იმისთვის იყენებდნენ, რომ ჩეჩნეთში შეეღწიათ.
– მერე, საქართველო რა შუაშია?
– საქართველო კი, შუამავალი რგოლი იყო, სადაც პანკისის ხეობა არსებობს, რომელიც სუნიტური მიმდინარეობის ქისტებითაა დასახლებული… ვაჰაბიტური მოძრაობა მძლავრი სწორედ პანკისშია… 2004 წლის ზაფხულში, მაშინ სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ვიყავი, მახსოვს, დუისში სპეცოპერაცია ჩატარდა და ერთ-ერთი სალოცავი სახლიდან დიდი რაოდენობით ვაჰაბიტური ლიტერატურა იქნა ამოღებული. აქედან გამომდინარე, ჩვენს რეგიონში ვაჰაბიტური მოძრაობის მომძლავრება სახიფათოა…
– სხვათა შორის, ქისტების ლიდერი, წლების განმავლობაში, ხიზრი ალდამოვი იყო, რომელიც მოგვიანებით რუსეთის ხელისუფლების აპოლოგეტი გახდა. ალდამოვი რუსული სპეცსამსახურებისგან იმართებოდა?
– რა თქმა უნდა…
– პანკისის პრობლემა თავის დროზე რუსებმა შექმნეს?
– შესაძლოა, ასეც იყო… ყველაფერი, რასაც ვამბობ, ფაქტია, რომელსაც წყალი არ გაუვა და შეგიძლიათ, გადაამოწმოთ, რომ მაჩაბელზე «აზიის მუსულმანთა კომიტეტი» ფუნქციონირებდა, რომლის სათაო ოფისიც საუდის არაბეთში, კერძოდ კუვეიტშია.
– ეს კომიტეტი რა მუშაობას ეწეოდა?
– კომიტეტში სუნიტური მიმდინარეობის სულიერი მოღვაწეებიც დადიოდნენ… საერთოდ, ვაჰაბიზმი ფუნტამენტალისტური მიმდინარეობაა, რომლის წიაღშიც თავის დროზე ბინ ლადენი გაჩნდა…
– ცნობილია, რომ ბინ ლადენი ამერიკული სპეცსამსახურების პროექტი იყო…
– კი ბატონო…
რაც შეეხება პანკისის ნარკობაზრად ქცევას, ამაში მხოლოდ რუსული კი არა, შეიძლება, ქართული ინტერესიც იყო.
– სახელდობრ?
– ფინანსური მხარე…
– ახალ ხელისუფლებას არ შეუძლია, რომ ირანთან სავიზო რეჟიმი გაართულოს?
– შეუძლია… კარგია, რომ ისრაელთან საზღვარი გავხსენით – ბიზნესი შემოვა, მაგრამ საზღვრის გახსნას ყოველთვის სპეცსამსახურები მოჰყვებიან. გაგვიგონია, რომ ისრაელის დაზვერვა «მოსადია», მაგრამ სინამდვილეში, ისრაელს 8, მეტი თუ არა, სპეცსამსახური ჰყავს – «შინბეტი» (კონტრდაზვერვა), «ლაკამი», «საირატი», «ნატივი», «ვარაში»… წარმოიდგინეთ, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენი სპეცსამსახურის თანამშრომელი მოხვდება, რომლის მთავარი სამიზნეც ირანი იქნება… რა გარანტია გვაქვს, რომ ირანისა და ისრაელის სპეცსამსახურები საქართველიში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას არ დაიწყებენ? ისრაელის მიზანი ირანში შეღწევაა…
– კი ბატონო, მაგრამ ამით საქართველო რას დაკარგავს?
– არაფერს, უბრალოდ, ზედმეტ თავის ტკივილს გავიჩენთ… მაგალითად, ისრაელის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებულმა ირანელებმა შეიძლება, ირანში ტერაქტი მოაწყონ. მიჰყვებიან გამოძიებას და აღმოაჩენენ, რომ ირანელები საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ მომზადებულნი. ეს კი საქართველოს დიდ დარტყმას მიაყენებს.
სხვათა შორის, თავის დროზე ვაჰაბიტებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ჯგუფი ამზადებდა. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, რომ ამ განცხადებით წყალს რუსეთის წისქვილზე ვასხამ, მაგრამ ის პიროვნება, ვინც მაშინ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელობდა, პირდაპირ რუსულ სპეცსამსახურებზე, კერძოდ, «ბორისიჩზე» იყო მიბმული, რომლის შესახებაც წინა ინტერვიუში გელაპარაკეთ.
– ეს პიროვნება ვინაა და დღეს სად მუშაობს?
– მის ვინაობას არ დავასახელებ… დღეს პენსიაზეა… რუსებმა იცოდნენ, თუ სად გადიოდნენ ვაჰაბიტები წვრთნებს, სად გადაადგილდებოდნენ და ყველაფერ ამას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებდნენ. სხვათა შორის, მაშინ თავდაცვის მინისტრი ვარდიკო ნადიბაიძე იყო…
– ბატონო კონსტანტინე, ადრეც გკითხეთ და ხელმეორედ გეკითხებით, მით უმეტეს, ვიცი, რომ ამ ინტერვიუების ციკლმა ბევრი შეაშფოთა: თქვენს გაჩუმებას რატომ არ ცდილობენ?
– ხომ გითხარით, რომ საკუთარ თავს განაჩენი გამოვუტანე?! რაც შეეხება გაჩუმებას, ალბათ, ფიქრობენ, იყბედოსო. მერე, მოსკოვში მოკალათებული ხაბურძანიასა და თარგამაძისნაირი ტიპები გამოჩნდებიან (ასეთი რენეგატები ბევრნი არიან), იტყვიან, ქართული პრესა ყვითელიაო, მაგრამ ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, ვინ რას იტყვის. ყველაფერს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ!
– ისე, ვინმემ შეიძლება, თქვენზეც თქვას, რომ რომელიმე სპეცსამსახურის წარმომადგენელი ხართ…
– მე ქართული სპეცსამსახურის წარმომადგენელი ვიყავი, ვარ და ვიქნები!
– ბატონო კოტე, უნდა მეკითხა და დამავიწყდა: საქართველო სხვა ქვეყნებში სადაზვერვო სამუშაოებს არ აწარმოებს?
– საქართველომ სადაზვერვო სამუშაოები როგორ უნდა განახორციელოს, როცა დაზვერვის ბიუჯეტი სასაცილოა – «ნაცმოძრაობის» დროს სამი თუ ხუთი მილიონი იყო. იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დაზვერვა აწარმოო, ძალიან დიდი თანხა და პოლიტიკური ნებაა საჭირო. რუსეთ-საქართველოს ომის დროს გამოჩნდა, რომ ჩავარდნა სწორედ ამ კუთხით გვქონდა, თორემ ნორმალური სადაზვერვო ინფორმაციები რომ გვქონოდა, პრევენცია მოხდებოდა. როგორ შეიძლება, თავდაცვისა და შს სამინისტროებს მილიარდ-მილიარდიანი ბიუჯეტი ჰქონდეთ, დაზვერვას კი, – სამი მილიონი? ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაზვერვაზე, პრაქტიკულად, უარს ამბობს, რაც ნონსენსია!
ესაუბრა ვანო პავლიაშვილი