საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა... რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი... - ამის შესახებ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა. პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ქვეყნის ფედერაციული მოწყობის საკითხის განხილვა დღევანდელი მთავრობის დღის წესრიგში არ დგას.
„დღეს ჩვენი ხელისუფლების ამოცანა არის არა სტატუსის განსაზღვრა, არამედ მთავარი ამოცანაა, რამე შეცდომა არ დავუშვათ და რუსეთმა ახალ პროვოკაციაში არ ჩაგვითრიოს. სულ ასე არ იქნება. საქართველო მშვიდობიანად განვითარდება, გახდება ევროპული სახელმწიფო და მერე დაუდგება სტატუსის განსაზღვრის ამოცანა. მანამდე საზოგადოებაში უნდა იყოს მსჯელობა ამ თემაზე და არა მთავრობაში. საზოგადოება მომწიფებული უნდა იყოს იმ დროისთვის, როცა დადგება საკითხი – როგორი მოწყობა გვინდა საქართველოში. ჩვენ გვაქვს ერთადერთი გამოცდილება აფხაზეთთან ერთად სახელმწიფოს მოწყობისა – ეს არის საბჭოთა კავშირი. რა იყო დავით აღმაშენებლის დროს, მე არ ვიცი და სხვა გამოცდილება ჩვენ არ გვაქვს. აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა. ჩვენს თაობას არ გვახსოვს, ყოველ შემთხვევაში, ანუ დღევანდელ ევროპულ რეალობაში ეს არ ყოფილა. ამიტომ, გვინდა ერთია და როგორ ვაპირებთ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას, მეორე და საზოგადოება ამაზე უნდა მსჯელობდეს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.