რელიგია
პატრიარქმა თავმდაბლობის მნიშვნელობაზე იქადაგა

patriarch3სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას თავმდაბლობის მნიშვნელობაზე იქადაგა. 
როგორც პატრიარქმა განაცხადა, მთავარია ერის კეთილდღეობა და სიმშვიდე და არა პიროვნების ამბიცია და ამპარტავნება. მისივე თქმით, ადამიანებმა სხვისი აზრების მოსმენა უნდა ისწავლონ. "ჩვენ ვამბობთ მხოლოდ ჩვენ აზრს და სხვისი მოსმენა ძნელია. თითქმის ყველა ადამიანი აკრიტიკებს მეორეს და ცდილობს სხვების გამოსწორებას. აკრიტიკებს არა იმიტომ, რომ მართლა სურს მისი გამოსწორება, არამედ იმ მიზნით, რომ დაამციროს", - აღნიშნა უწმინდესმა. 
პატრიარქმა მრევლს წმინდა ნიკოლოზის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებაზე ისაუბრა. უწმინდესის განცხადებით, წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება იყო გამარჯვება კეთილისა ბოროტზე.წმინდა ნიკოლოზი სხვა წმინდანებისგან გამოირჩევა იმით, რომ ის აკეთებდა სიკეთეს ისე, რომ სხვას არ დაენახა. 
"ადამიანმა უნდა დაძლიოს თავისი თავი და ამპარტავნება, თავისი ქედმაღლობა. თუ ადამიანი დაძლევს თავის თავს, მაშინ ის გაიმარჯვებს თავის თავზე და დაძლევს მთელ მსოფლიოს. ამიტომ წმინდა ნიკოლოზმა მიიღო სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე", - განაცხადა პატრიარქმა. 
უწმინდესის თქმით, მნიშვნელოვანია ერთსულოვნება. "ეს არ ნიშნავს, რომ თავისუფლება უნდა იყოს შეზღუდული, მაგრამ ადამიანმა უნდა იცოდეს რა არის მთავარი. მთავარი არის ერის კეთილდღეობა და სიმშვიდე და არა პიროვნების ამბიცია და ამპარტავნება", - ბრძანა პატრიარქმა.