საზოგადოება
შიხიაშვილმა სან-დიეგოში ვეტერანების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი მოინახულა

საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში  სან-დიეგოს ვეტერანების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელობას შეხვდა. ჰოსპიტალის დირექტორმა სინტია აბირმა და ბორდის წევრებმა ვეტერანების სამსახურის დელეგაციას პრეზენტაცია წარუდგინეს. ასევე  თავიანთი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარეს და  ვეტერანების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის სტრუქტურა და მენეჯმენტი გააცნეს. თავის მხრივ ირაკლი შიხიაშვილმა ამერიკულ მხარეს სამსახურის სამომავლო გეგმები გააცნო, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტად საქართველოში ვეტერანებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნა დაასახელა. სინტია აბირმა და მისმა კოლეგებმა აღნიშნულთან დაკავშირებით მხარდაჭერა გამოხატეს და ქართულ მხარეს მენეჯმენტისა და სტრუქტურის ჩამოყალიბებაში დახმარება აღუთქვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰოსპიტალის დირექტორმა ვეტერანების სამსახურის დელეგაციას ცენტრი დაათვალიერებინა და აჩვენა ის თანამედროვე მიდგომები, სტანდარტები და შესაძლებლობები, რითაც დღეს ვეტერანებს მომსახურებას უწევენ.