საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. რადიოსადგური "ლაპარაკობს მოსკოვის" ცნობით, დუმის წევრმა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ვლადიმერ ვოლფის ძე ჟირინოვსკიმ, კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. იგი სტამბულის ატომური დაბომბვის მომხრეა.
"ერთი ატომური ბომბიც საკმარისია, რომ პირისაგან მიწისა აღვგავოთ სტამბული, საერთოდ გავაქროთ მათი ქვეყანა",- განაცხადა განრისხებულმა კანონმდებელმა რადიოეთერში.
„სტამბულის განადგურება უმარტივესია. საკმარისია ბოსფორის სრუტეში ერთი ატომური ბომბის ჩაგდება და ქალაქს უზარმაზარი ტალღა წალეკავს. ეს იქნება საშინელი წყალდიდობა – წყალი 10-15 მეტრის სიმაღლეზე ავა და ქალაქი აღარ იქნება, იქ კი 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს“, – აცხადებს რუსეთის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი.
„ლიბერალ-დემოკრატების“ ლიდერს მიაჩნია, რომ თურქეთის მოკავშირეები არ ჩაერევიან, ვინაიდან არ სურთ ატომურ ხანძარში დაღუპვა. ჟირინოვსკის თქმით, რუსეთის ნომერ პირველი მტერი დღეს თურქეთია. მისი განცხადებით, თურქეთის უმაღლესი ხელმძღვანელობა – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და გენერალური შტაბი „გაცოფებულია“.
„მათ არ იციან, რა შეიძლება მოხდეს. მე მათ ადგილზე თურქეთზე უძლიერესი დარტყმის შიში მექნებოდა. საკმარისია პრეზიდენტის ერთი უგუნური მოქმედება და თურქეთისგან არაფერი აღარ დარჩება“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.