პუბლიკაციები
რა ვალდებულება აქვს პაატა ბურჭულაძეს სააკაშვილთან?

რატომ შეხვდა საზოგადოების დიდი ნაწილი პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შესაძლო მოსვლას უარყოფითად, რა კავშირი აქვს მის გადაწყვეტილებას ოდესაში ჩატარებულ კონცერტთან, რა კითხვებზე მოუწევს მსოფლიო ბანს პასუხების გაცემა? – ამის შესახებ გაზეთ ახალ თაობას“ უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრა.

როცა მეცოცხეებს, ნაცისტებს, ფაშისტებს, გირჩებს და ასეთი ჯურის ადამიანებს პოლიტიკურ სარბიელზე ყოფნის უფლება აქვთ, ბუნებრივია, ყველას გაუჩნდება კითხვა, რატომ არ აქვს ამის უფლება პაატა ბურჭულაძეს, რომელიც საქართველოში დიდი სიყვარულით და ავტორიტეტით სარგებლობს. მას პოლიტიკაში მოსვლას ვერავინ აუკრძალავს და თავისი მაღალი რეიტინგიდან გამომდინარე, პოლიტიკაში გარკვეული ნიშის დაკავების შანსებიც აქვს.

ამ ეტაპისთვის ის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით ორაზროვან განცხადებებს აკეთებს. მის მიერ დაფუძნებული ფონდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, პოლიტიკაში მოსვლას ნუ გვაიძულებთო. ამ განცხადებებს გარკვეული მიზანი აქვს, ისინი ხალხის რეაქციასა და განწყობას ამოწმებენ.

ამ ფონდს, მარტო აპოლიტიკური მიზნები რომ ჰქონოდა, იქ არც ლაგაზიძე წავიდოდა, არც გიორგი რუხაძე და, მით უმეტეს, არ წავიდოდა ვანო მაჭავარიანი. სავარაუდოდ, ამ ფონდის შექმნა პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება“, – აცხადებს მჟავანაძე.

მისივე თქმით, ვერ იტყოდა, რომ პაატა ბურჭულაძე სუფთა ფურცლიდან მოდის.

მას ყველა პატივს სცემს და ბევრი კარგი საქმეც აქვს გაკეთებული, მაგრამ მასთან ბევრი კითხვა ჩნდება. მისი მაღალი ავტორიტეტიდან გამომდინარე, ახლა ამ კითხვებს არავინ უსვამს, როგორც კი პოლიტიკაში მოვა, აუცილებლად მოუწევს პასუხების გაცემა.

საზოგადოება დაინტერესდება, რატომ არ მოვიდა ის გაცილებით ადრე პოლიტიკაში, როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა. ამ დღეებში ცოტნე გამსახურდიამაც აღნიშნა, რომ პირველ პრეზიდენტს სურდა, პაატა ბურჭულაძე დახმარებოდა საქართველოს, მაგრამ მან ეს არ გააკეთაო. საქართველოს, როგორც ქვეყანას, იმ პერიოდში არავინ იცნობდა, ის იზოლაციაში იყო მოქცეული. ამას ემატებოდა გავრცელებული მითები გამსახურდიას დიქტატორობასთან დაკავშირებით. პაატა ბურჭულაძეს იმ პერიოდში მთელი მსოფლიო იცნობდა. ზვიადს სურდა, რომ მსოფლიო ბანი მას დახმარებოდა, რომ მსოფლიოს საქართველოს შესახებ სიმართლე გაეგო. მან მისი თხოვნა არ გაითვალისწინა და საერთოდ განზე გადგა.

წლების მანძილზე მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ედუარდ შევარდნაძესთან. მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ხშირად მართავდა კონცერტებს. ხოლო როცა ის ხელისუფლებას გადატრიალების გზით ჩამოაცილეს, ბურჭულაძემ შეფასება არ გააკეთა.

ყველაზე მეტ კითხვას მას „ნაციონალების“ 9 წლიან რეჟიმთან დაკავშირებით დაუსვამენ. ჰკითხავენ, რატომ არაფერი თქვა, აქ რომ ტირანია იყო და უდანაშაულო ადამიანებს ქუჩაში ხვრეტდნენ“, – განაცხადა მჟავანაძემ.

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელის თქმით, ამ წლების მანძილზე ბურჭულაძე დუმდა, სამაგიეროდ, ახლა გადაწყვიტა პოზიციის დაფიქსირება, როცა გამოვიდა და განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგას და მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

არადა, ამ ტელეკომპანიას არაფერი სჭირდა მხარდასაჭერი.

მის განცხადებაზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, მაგრამ კარგად მახსოვს მისი დუმილი, როცა საქართველოში მიტინგებს ხვრეტდნენ. მას ხმა არც მაშინ ამოუღია, როცა სიტყვის თავისუფლებას მართლა დაცვა სჭირდებოდა. მაინტერესებს, რატომ არაფერი თქვა, როცა გამომცემლობა სამშობლოდან გაზეთები გამოყარეს, რატომ დუმდა, როცა ტელეკომპანიები „იბერია“ და „იმედი“ დაარბიეს.

სამაგიეროდ, გამოვიდა და „რუსთავი 2“-მხარდაჭერა გამოუცხადა. ამ ტელეკომპანიის მხარდაჭერა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერად აღიქმება და ამიტომაც გააღიზიანა საზოგადოება.

მის ამ გადაწყვეტილებას მიმდინარე წლის მაისში ოდესაში ჩატარებულ კონცერტს ვუკავშირებ. მაშინ მან საინტერესო ფრაზა თქვა, რომ მისი საოპერო კარიერა დაიწყო იმ ქალაქიდან. მისი პოლიტიკური კარიერაც ამ ქალაქში დაიწყო.

მას ოდესაში კონცერტი წინასწარ დაგეგმილი არ ჰქონია და იქ მოულოდნელად ჩავიდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავდა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ოდესაში პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ფაქტია, რომ ოდესიდან დაბრუნების შემდეგ მან პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე დაიწყო საუბარი. არაა გასაკვირი, სააკაშვილის მხრიდანაც ყოფილიყო ასეთი რჩევა, შეთავაზება ან მოთხოვნა. საქართველოში ძნელად თუ იპოვი ისეთი მაღალი ნდობის მქონე პიროვნებას, როგორიც პაატა ბურჭულაძეა. თავისი ავტორიტეტიდან გამომდინარე მას თავისუფლად შეუძლია, გარკვეული ლოკომოტივის ფუნქცია შეასრულოს.

რამდენიმე დღის წინ მასთან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს. მასთან „რესპუბლიკელები“ და ალასანია მივიდნენ. დავით უსუფაშვილმა კი თქვა, ჰუმანიტარულ საკითხებზე ვისაუბრეთო, მაგრამ მეეჭვება, მას ან ალასანიას ბურჭულაძესთან კლასიკურ მუსიკაზე ესაუბრათ.

გარკვეულ ძალებს პროექტი, სახელად ირაკლი ალასანია, ჩაუვარდათ. ვერც მისმა ვიზუალმა და ვერც ვოიაჟებმა შედეგი ვერ გამოიღო. დასავლეთი მიხვდა, რომ ის ხალხს ვერ აიყოლიებს. „ნაციონალებს“ საერთოდ არავინ გაჰყვება, იგივე ითქმის „რესპუბლიკელებზეც“. ამ 3 ძალის წარმომადგენლები ცდილობენ, მაღალი რეიტინგის ადამიანებს ჩაებან. არაერთხელ თქმულა, რომ საარჩევნოდ ამ სამმა ძალამ შესაძლოა კოალიცია შექმნას. პაატა ბურჭულაძე შესაძლოა ამ კოალიციის ლიდერად ვიხილოთ.

ძალიან მენიშნა ერთი განცხადებაც, რომელიც ფონდის პრეზენტაციაზე გაკეთდა. მათ თქვეს, რომ პოლიტიკაში მოსვლის შემთხვევაში, ისინი პროდასავლურ ძალად ჩამოყალიბდებიან. ყველა, ვინც პოლიტიკაში მოდის, პროდასავლურს ირქმევს და პროქართული ორიენტაციის რატომღაც რცხვენიათ. პროდასავლურ ძალებად მოიაზრებიან „ნაციონალებიც“, ალასანიაც და „რესპებიც“. ამიტომ მგონია, რომ პროდასავლურობაზე აქცენტი შემთხვევით არ გაკეთებულა“, – მიიჩნევს მჟავანაძე.

მისივე თქმით, თუ პაატა ბურჭულაძე დათანხმდება იმ კოალიციის ლიდერობას, რომლის შემადგენლობაშიც „ნაციონალები“, ალასანია და „რესპუბლიკელები“ იქნებიან, ის მაღალი ავტორიტეტი, რომლითაც მრავალი წელია სარგებლობს, ერთი ხელის მოსმით ჩამოენგრევა და გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებს. ხოლო თუ თავისი გუნდით შეეცდება პოლიტიკური ნიშის დამკვიდრებას, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება.

ის პიროვნებები კი, რომლებიც მის გარშემო არიან, ამ ვარაუდს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. ვანო მაჭავარიანი სააკაშვილის გუნდის წევრია. სააკაშვილის თანაგუნდელია გიორგი რუხაძეც. მართალია, ის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, მაგრამ ეს პარტიაც მიშასთან ასოცირდებოდა.

მართლა თუ რამის გაკეთება უნდა პაატა ბურჭულაძეს, რატომ შეარჩია ასეთი წარსულის მქონე ხალხი?! ამ ქვეყანაში უამრავი წესიერი ადამიანია, რომლებიც მის ფონდს მხოლოდ დადებით შედეგს მოუტანდნენ. მან რატომღაც „ნაციონალებთან“ დაახლოებული პირები შეარჩია და თანამდებობებიც ჩააბარა.

პოლიტიკაში შემთხვევითობების და დამთხვევების არ მჯერა. პოლიტიკაში შესაძლო მოსვლაზე ოდესიდან ჩამოსვლის შემდეგ ალაპარაკდა, რატომღაც „ნაციონალებთან“ ასოცირებული „რუსთავი 2“-ის დასაცავად ალაპარაკდა მაინცდამაინც, თანამდებობები კი „ნაციონალებს“ ჩააბარა. პაატა ბურჭულაძე ის ადამიანი არაა, პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად და რაღაც შეთანხმების გარეშე მიეღო.

ამ ადამიანს პატივს ვცემ და ყველაფერს არ ვიტყვი, მაგრამ იმას აუცილებლად აღვნიშნავ, რომ მას სააკაშვილთან გარკვეული ვალდებულებები აქვს“, – აცხადებს მჟავანაძე.