საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი და მეშვიდე განყოფილების, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, კახა ბ. და გერონტი მ. დააკავეს.
ბრალდებულები თბილისში, მესხიშვილის ქუჩაზე, ნიკა ს.-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს თაღლითურად დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მომხდარიდან ერთ საათში, კახა ბ.-მ მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ლადო კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა
და თანმხლებ გერონტი მ.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ამოღებულია მითვისებული მობილური ტელეფონი. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.