სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. შსს–ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ბოლო 2 თვის მანძილზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 47 პირი.

ავტომანქანების, საცხოვრებელი ბინების, ასევე, პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 50 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, აქედან - 31 პისტოლეტი, 10 ავტომატი, 3 რევოლვერი, 3 შაშხანა, 3 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ხელყუმბარა და სხვადასხვა კალიბრის 1016 ცალი საბრძოლო ვაზნა.

ღონისძიებების მიმდინარეობისას სამართალდამცაველებმა პრევენციულად აღკვეთეს მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება და სხვ.