პოლიტიკა
ვიზალიბერალიზაცია და ინვესტიციები – პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრის ერთობლივი განცხადებები

საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ ნიშნებს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის ანგარიშის მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ამ კითხვაზე პასუხი დადებითი იქნება, - ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა იმ შთამბეჭდავ რეფორმებს, რომელიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებით გაწერილი ვალდებულებების შესრულების მიმართულებით განახორციელა.

ამ მხრივ მიღწეული პროგრესი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომელიც გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა. ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით, გავაღრმავოთ საქართველოს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში. ქართული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. საქართველოში ასევე იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ვფიქრობთ პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის. არის ასეთი გამოთქმა - ფულს სჭირდება სტაბილურობა. თუ ქვეყანაში ფული შედის, ეს იმის ნიშანია, რომ იქ სტაბილურობაა“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ინტენსიურად განაგრძობს ევროპული სტანდარტების დანერგვას, კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, რაც დააჩქარებს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციას.

„ჩვენმა მთავრობამ ძალისხმევა არ დააკლო და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შეასრულა. ახლა ჩვენ ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას. ევროკომისართან ვისაუბრეთ ასევე სექტორული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე. ამ თვალსაზრისით, აღვნიშნეთ, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, საქართველო გახდეს ე.წ რეგიონული „ჰაბი“ და არსებითი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო ვაჭრობის, ენერგეტიკული რესურსების მიწოდების, ტრანზიტის გზების დივერსიფიკაციისა და სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხელშეწყობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.