საზოგადოება
"კადრების ასლები ვისთან არის და ვისთან იყო, ამის დადგენა შეუძლებელია" - შოთაძე

საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძის განმარტებით, რომელიც მან პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, ერთადერთი რესურსი იმის დასადგენად, თუ ვის მიერ მოხდა წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელება, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოა.

"უტყურად არის დადგენილი, რომ კადრებს კოხტა კოდუა იღებდა. ამ პირების მიერ მოხდა კადრების დამარხვა იქ, სადაც იქნა ნაპოვნი. კადრების ასლები ვისთან არის და ვისთან იყო, ამის დადგენა შეუძლებელია", - აცხადებს შოთაძე.

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა კადრებში ასახულ დანაშაულზეც გაამახვილა ყურადღება.

"ეს ძალადობრივი კადრები ერთი სისხლის სამართლის საქმის შემადგენელია. საუბარია ე.წ. კასრების სისხლის სამართლის საქმეზე, როდესაც ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა - როგორიც იყო მეგის ქარდავა და მისმა თანამშრომლებმა ე.წ. მიწურში ორი პირი აწამეს, რათა მათ არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტი ეღიარებინათ. ეს აპრობირებული მეთოდი იყო მეგის ქარდავასთვის და მისი თანამოზრეებისთვის. ეს ადამიანები წამებით არ დაკმაყოფილდნენ და შემდეგ, კონკრეტული პიროვნების მეშვეობით, ორ პიროვნებაზე სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობის აქტი განხორციელდა, რაც საზარელი დანაშაულია. ჩვენ ამ საქმეზე პასუხისგებაში 11 ადამიანი მივეცით, რომელთა მიმართ დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი წამებისა და სქესობრივი ძალადობის ფაქტებზე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.