აქტუალური
ევროპის საბჭოში საქართველოს დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი დასრულდა

საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპის საბჭოში ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსი ნატალია ჯალიაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ზურაბ სანიკიძე და საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების  დეპარტამენტის უფროსი ნათია მეზვრიშვილი.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ვენეციის კომისიის მდივან ტომას მარეკთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკის და თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროს მიხაილ ლობოვთან, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან ნილს მუჟნიეკთან, ადამიანის უფლებათა დაცვის დირექტორატის დირექტორთან ხრისტოს გიაკომოპულოსთან, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის განყოფილების უფროს ბრიჯეტ ლოუგლინთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

შეხვედრებზე განიხილეს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შესრულების დინამიკა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა, მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე  რეფორმები, საქართველოს მთავარი პროკურატურის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები. მხარეებმა ასევე, განიხილეს ბავშვთა უფლებების დაცვის და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

დელეგაციის წევრებმა და ევროპის საბჭოს წარმომადგენელებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს  მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის.