საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. თავდაცვის სამინისტროს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გეორგი ნაზაროვი და უკრაინის სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი სერგეი კუნდიუსი ეწვივნენ. სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საქართველოში მიმდინარე რეაბილიტაციის კურსზე ისაუბრეს. უკრაინის საქმეთა რწმუნებულმა ქართულ მხარეს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ უკრაინულ მხარეს აღუთქვა, რომ წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრი უკრაინელ სამხედროებს დახმარებას მომავალშიც აღმოუჩენს.
წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები რეაბილიტაციის კურსს 2015 წლის აგვისტოდან გადიან. კურსი უკვე 22-მა სამხედრომ გაიარა. უახლოეს მომავალში ცენტრი კიდევ 11 უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს უმასპინძლებს.