საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება. სახელმწიფო მინისტრმა ვენაში მოქმედ ორ დიასპორულ ორგანიზაციასთან - „ქართული სათვისტომო ავსტრიაში" და „ქართული სახლი ავსტრიაში ენის, კულტურისა და განათლების ხელშეწყობისთვის" არსებული ქართული საკვირაო სკოლები მოინახულა.
გელა დუმბაძე, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩთან - კონსტანტინე ზალდასტანიშვილთან ერთად, დაესწრო სასწავლო პროცესის მიმდინარეობას.
სახელმწიფო მინისტრმა, ასევე, შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართველებთან. შეხვედრაზე გელა დუმბაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია „საქართველოს მაღალპროფილური დიასპორის ჩართულობის პროგრამის" შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს დიასპორის წევრების მონაწილეობის ხელშეწყობას ქვეყნის განვითარების პროცესში. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობას.
შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, არსებობს თუ არა სპეციალური პროგრამები სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად. დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გაეცა სახელმწიფო მინისტრის, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩისა და კონსულის მიერ.