პოლიტიკა
დისკუსია ეროვნული უსაფრთხოების თემებზე თავდაცვის სამინისტროში

საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ტერორიზმის ახალი ტალღა და საერთაშორისო უსაფრთხოების შეცვლილი არქიტექტურა; ნატოს როლის ახლებური გააზრება, ISIS და საქართველო, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტები მიმდინარე გამოწვევების ფონზე და უსაფრთხოების კიბერგანზომილება -  ამ თემებზე თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე ოთხი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ აქტუალურ თემებზე სასაუბროდ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტებს უმასპინძლეს.

მნიშვნელოვანია დიალოგის მუდმივ რეჟიმში ყოფნა სამოქალაქო სექტორთან. კარგია, რომ სამოქალაქო სექტორისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და ერთად მსჯელობენ, რა ტიპის კომუნიკაციით უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო რადიკალიზმის გავრცელებას“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ტერორიზმის საფრთხესთან გამკლავებას მხოლოდ ერთი უწყება ვერ შეძლებს. საერთო გეგმების შემუშავების პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისა და ორგანიზაციების ჩართვა არის საჭირო. იმედია, ეს შეხვედრა მოგვცემს საშუალებას, სამომავლოდ შევიმუშაოთ ერთობლივი ღონისძიებები“,- განაცხადა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.