პუბლიკაციები
"საქართველო ქვეყანაა, კუნძულიკა კი არა!" – ჯუმბერ კირვალიძე

საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. ჯუმბერ კირვალიძე:საქართველოს, ქართველ ერს საუკუნეების მანძილზე ეროვნული დამოუკიდებლობა და სახელმწიფო სუვერენიტეტი მრავალგზის დაკარგული და დარღვეული ჰქონდა სხვადასხვა იმპერიების მიერ, მაგრამ საქართველო ყოველთვის იყო – "ქვეყანა", სადაც ქართველები ცხოვრობდნენ, შრომობდნენ, ლოცულობდნენ და იბრძოდნენ ეროვნული და პიროვნული თავისუფლებისათვის, ქრისტიანული სარწმუნოებისათვის, საკუთარი თვითმყოფადობის გადასარჩენად და დაკარგული ეროვნული დამოუკიდებლობის აღსადგენად, სუვერენული ქართული სახელმწიფოს შესაქმნელად! დღესაც, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ვინც კი მოქმედებს საქართველოში, უწინარესად ხელისუფლებამ! საქართველოში, როგორი პოლიტიკური ორიენტაციაც არ უნდა იყოს პრიორიტეტული, დღეს თუ მომავალში, ქართველი ერის მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო ყოველთვის იყოს და დარჩეს "ქართველების ქვეყნად", მასში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ერთად, მაშინაც კი, თუ მის სახელმწიფო სუვერენიტეტს რაიმე დაემუქრება! რადგანაც, ევროკავშირშიც კი, საითაც დღეს საქართველო მართებულად ისწრაფის, თითებზეა ჩამოსათვლელი სახელმწიფოები, რომლებსაც ამათუიმ ერის "ქვეყნად" მოიხსენიებს ისტორია! საქართველოსგან, ანუ "ქართველების ქვეყნისგან" განსხვავებით, საუკუნეების განმავლობაში ევროპელი ერები სხვადასხვა "ეროვნული ვარიაციების" სახით ჩნდებოდნენ ამ კონტინენტზე, ხან სახელწოდებას და ტერიტორიებს იცვლიდნენ და ხანაც სულაც ქრებოდნენ ისტორიის ავანსცენიდან! ამიტომ, ქართველ პოლიტიკოსებს და საზოგადოებას, როცა ევრო–ამერიკელ კოლეგებთან თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე ვმსჯელობთ, მუდამ უნდა გვახსოვდეს მუხრან მაჭავარიანის ლექსის ერთი სტროფი, რომელიც ყველაზე სრულად ასახავს ქართველების პოლიტიკურ კრედოს, – "საქართველო ქვეყანაა,კუნძულიკა კი არა", – რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი იდგა, დგას და იდგმება – "ქართველების ქვეყანაზე", რომელიც ჩვენთვის პოლიტიკური კატეგორიაა და არა პოეტის მიერ ხატოვნად ნათქვამი ლამაზი ფრაზა!“.