საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთ-უკრაინის და რუსეთ-საქართველოს ომები, სირიაში შექმნილი ვითარება, ტერორიზმი და პრობლემების რუსეთთან ერთად გადაწყვეტის გზების ძიების მართებულობა - ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ამ თემებთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ფორუმზე მიწვეულ აუდიტორიას საკუთარი ხედვები გაუზიარა.
„ყოველთვის, როცა ქართველები ამბობდნენ, უკრაინა იქნება შემდეგი, დაგვცინოდნენ. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვართ ხალხი, აკვიატებული იდეებით... სამწუხაროდ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მართლები ვიყავით...“, განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, თუ ცივილური სამყარო უკრაინაშიც დამარცხდება, მაშინ შემდეგი გამოწვევა უფრო დიდი, მტკივნეული და დამანგრეველი იქნება.
„მათ ეს განხორციელეს ყველგან - პატარა თუ უფრო მოზრდილ ქვეყანაში - ნატოს საზღვართან, უკრაინაში, მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ევროპის ცენტრში... თუ ვინმეს შეეძლო და ამბობდა, რომ საქართველო არ არის ასეთი ადგილი, რომ ის ევროპაც კი არ არის, დღეს, რუსეთი უკვე აქ არის, ძალიან ახლოს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეზობლად, ნატოს მეზობლად... თუ ჩვენ ყველანი, იქ (უკრაინა, სირია), დავმარცხდებით, მაშინ რუსეთის შემდეგი ცდა იქნება უფრო მასშტაბური და დიდი. დარწმუნებული ვარ, ისინი მე-5 მუხლის ბარიერის გადაკვეთას ეცდებიან, რათა დაამტკიცონ, რომ შეუძლიათ გამოწვევა გამოგიგზავნონ ზუსტად იქ, კარის ზღურბლზე და დაელოდებიან თქვენს რეაქციას“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, თქმა იმისა, რომ სირიის პრობლემის გადაჭრა მსოფლიოს რუსეთის გარეშე არშეუძლია, როგორც ეს ბევრი ევროპელი ლიდერისგან ისმის, მოსკოვისთვის სუსტი და არასწორი მესიჯის გაგზავნის ტოლფასია.
„ეს იქნება ღია მოსაწვევი რუსეთისთვის. კრემლში თქვენს ამ გზავნილს სხვაგვარად აღიქვამენ. თუ ისინი თქვენს ტერიტორიაზე გამოგიგზავნიან ამ გამოცდას, თქვენ ვერ შეძლებთ პასუხის გაცემას“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.