სამართალი
შსს–მ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა

საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცივი იარაღის ტარების ფაქტზე დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შოთა ქ.
დაკავებულმა იზოლატორში შეყვანის შემდეგ სხეულზე ნაკაწრების სახით თვითდაზიანება მიიყენა. ასევე, მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ პირის ღრუში დამალული ჰქონდა ე.წ. „ბრიტვის“ ნატეხი, რომელიც გადაყლაპა.
სამართალდამცველებმა ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და დაკავებული ბადრაგის თანხლებით სტაციონარში გადაიყვანეს. წინასწარი სამედიცინო გამოკვლევით დადგინდა, რომ შოთა ქ-ს არ ჰქონდა არანაირი საგანი გადაყლაპული, ხოლო 
დამატებით საჭირო გამოკვლევებზე მან უარი განაცხადა. ბრალდებული ამ დროისთვის მოთავსებულია წინასწარი დაკავების იზოლატორში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 
დამაკმაყოფილებელია.